იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“, შესაძლოა, პიოლი შეცვალოს #1TVSPORT
იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“, შესაძლოა, პიოლი შეცვალოს #1TVSPORT

ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, „მილანის“ დროებითი მწვრთნელი გახდეს, – ამის შესახებ წერს გაზეთი La Repubblica.

წყაროს ცნობით, „მილანის“ მოლაპარაკებები ზლატანის დაბრუნების შესახებ ასევე შეეხება იგნაციო აბატესთან ერთად მის დროებით მწვრთნელად დანიშვნას სტეფანო პიოლის განთავისუფლების შემთხვევაში.

დადასტურებულად არის ცნობილი, რომ იბრაჰიმოვიჩი კლუბში ახალი როლის შესახებ მოლაპარაკებებს მრავალი კვირის განმავლობაში აწარმოებდა – პრაქტიკულად, იმ მომენტიდან, როგორც კი გასული სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულა.

იტყობინებიან, რომ შვედის დანიშვნის გაჭიანურება უკავშირდება სეზონის მსვლელობისას სამწვრთნელო შტაბის პოტენციურ ცვლილებას.

სერია A-ს ბოლო ტურში „ატალანტასთან“ წაგებამ (2:3) პრაქტიკულად წერტილი დაუსვა გუნდის ამბიციებს სკუდეტოს მოპოვებაზე, ასევე „მილანი“ ახლოს არის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნასთან. თუ პიოლის გაათავისუფლებენ, ყველაზე მოსალოდნელი სცენარი იქნება ახალგაზრდული გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელის, აბატეს დაწინაურება პირველი გუნდის დროებით მთავარ მწვრთნელად.

ვარაუდობენ, რომ იბრაჰიმოვიჩი მის გვერდით იქნება სათადარიგოთა სკამზე და გასახდელში. მას პირდაპირი კავშირი ექნება კლუბის მფლობელთან, ჯერი კარდინალესთან.

იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ არ აქვს მწვრთნელობის სურვილი, მაგრამ „მილანი“, შესაძლოა, ასეთი მიდგომით ცდილობს, შეაცვლევინოს აზრი.