ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წაბლის დაავადების წინააღმდეგ მიმდინარე ბიოლოგიური ბრძოლის ეფექტიანობის მორიგი მონიტორინგი განხორციელდა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წაბლის დაავადების წინააღმდეგ მიმდინარე ბიოლოგიური ბრძოლის ეფექტიანობის მორიგი მონიტორინგი განხორციელდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, წაბლის დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში 2021 წლიდან დაიწყო. პროცესი ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელებული სატყეო პათოლოგიური კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს და წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე აპრობირებულ მეთოდს.

წაბლის ქერქის ნიმუშების კვლევა და ჰიპოვირულენტური შტამების გამოყვანის ლაბორატორიული სამუშაოები ავსტრიის, შვეიცარიისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიებში ჩატარდა. დღეისათვის ჰიპოვირულენტური შტამები წაბლნარ კორომებში წინასწარ მომზადებულ საცდელ ფართობებზეა შეტანილი. ეფექტიანობის  გამოვლენის მიზნით, ტერიტორიაზე მუდმივი მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს.

მონიტორინგის პირველადი შედეგების მიხედვით, საცდელ მონაკვეთებზე შტამებმა დაიწყო დაავადების გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ მუშაობა; თუმცა, კვლავ საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას, ბრძოლის მეთოდის ეფექტიანობის ხარისხის და ღონისძიებების მასშტაბების გაზრდის საჭიროების დადგენის მიზნით.

საქართველოში წაბლის ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. ხმობა გამოწვეულია წაბლის ქერქის კიბოს სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადებით. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებით, დღეისათვის ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად სანიტარიული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმები ითვლება.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.