ზესტაფონის მოსახლეობის ნაწილი მერის გადადგომას ითხოვს
ზესტაფონის მოსახლეობის ნაწილი მერის გადადგომას ითხოვს

ქალაქ ზესტაფონში, მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

მერის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეები ზესტაფონის მერიასთან შეიკრიბნენ. მათ პროტესტს შეურთდა “პატრიოტთა ალიანსის” ზესტაფონის საკრებულოს წევრი გიგა გაბრიჭიძე და მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ზესტაფონის მერი კახა მახათაძე უფლებამოსილებას არ ასრულებს. ქალაქში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, მათი თქმით, მერს სასამართლომ დაავალა ყოფილი თანამშრომლები სამსახურში დაებრუნებინა, თუმცა მან სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ყალბი დიპლომითაა დანიშნული.

ზესტაფონის მერიაში, აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. როგორც ზესტაფონის მერის მოადგილე დათო ჩირგაძე აცხადებს, ქალაქში და ზესტაფონის სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

რაც შეეხება ადმინიტრაციის სამსახურის უფროსის, ეკა დუგლაძის დიპლომს, მერის მოადგილე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეების მხრიდან დაწერილია საჩივარი და საქმე არის ძიებაში.