ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა
17:38, 15.11.2018
ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს დაახლოებით შვიდი საათი ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში იპოვეს. ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.
როგორც ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განუცხადა, სამძებრო სამუშაოები ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა.
„დასრულდა სამაშველო ღონისძიება. სამუშაოები ძალიან რთულ პირობებში მიდიოდა. კედლები იყო ჩანგრეული და ფილები ჩაცვენილი, ამის გამო, საკმაოდ გაგრძელდა პროცესი და მაშველები თავისი რისკის ფასად, ძალიან ფრთხილად მუშაობდნენ. ნაპოვნია გარდაცვლილი დედა-შვილი, რომლებიც გადაყვანილი არიან პროზექტურაში. მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
„ძალიან დიდი უბედურება, ტრაგედია დატრიალდა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, დედა და პატარა შვილი“,- აღნიშნა კალაძემ.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.