ზელენსკის გუნდის წევრი - ყირიმის რუსეთისთვის ჩაბარებაში დამნაშავე უკრაინელ სამხედროებს მოვძებნით
უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის გუნდის წევრი აცხადებს, რომ ისინი დაასახელებენ იმ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ყირიმის რუსეთისთვის ჩაბარებაში არიან დამნაშავეები. ამის შესახებ თავის ბლოგში ივან აპარშინმა დაწერა. მისი სტატიის სათაურია “დაჭერები? იქნება!”.
აპარშინი ზელენსკის გუნდში თავდაცვის სფეროს ექსპერტია.
აპარშინი წერს, რომ ყირიმის რუსეთისთვის ჩაბარებაში დამნაშავე სამხედროების დადგენა ზელენსკის მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავრი მიმართულება იქნება. მისი თქმით, სამხედროების ქმედებების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება და ამას მოჰყვება „ლოგიკური დასკვნები: არასწორი გადაწყვეტილებებისა და უმოქმედობაში ბრალდებულებს დასჯიან“.
აპარშინი ასევე წერს, რომ დაგეგმილია სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმება და თავდაცვის უწყებაში კორუფციული საქმეების გამოძიება. მისივე თქმით, შეიარაღებულ ძალების დაფინანსება იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე.
ივან აპარშინი ერთ-ერთია იმ გუნდში, რომელიც ვლადიმირ ზელენსკიმ 18 აპრილს წარადგინა. აპარშინი 62 წლისაა და მანამდე ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.