ზაზა წერეთელი - საქართველოში გავრცელებულია საუბარი, რომ „ომიკრონი“ შედარებით ადვილად მიმდინარეობს, მაგრამ ეს ხდება იმ ქვეყნებში, სადაც აცრილი იყვნენ
ზაზა წერეთელი - საქართველოში გავრცელებულია საუბარი, რომ „ომიკრონი“ შედარებით ადვილად მიმდინარეობს, მაგრამ ეს ხდება იმ ქვეყნებში, სადაც აცრილი იყვნენ

საქართველოში ძალიან გავრცელებულია საუბარი, რომ „ომიკრონი“ შედარებით ადვილად მიმდინარეობს, მაგრამ ადვილად მიმდინარეობს იმ ქვეყნებში, სადაც აცრილი იყვნენ, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ ზუსტად მაინც არავინ იცის, რას ნიშნავს სიტყვა „ადვილად“ და რაში გამოიხატება.

„თან, საქართველოში შემთხვევების რაოდენობა როგორც კი გაიზრდება, ლოგიკურია, რაც მეტი შემთხვევა გაქვს, მით მეტი შანსია, შემთხვევა დამძიმდეს და მეტი შანსია, ეს შემთხვევა ცუდად დამთავრდეს“, – განაცხადა წერეთელმა.

მისი თქმით, „ომიკრონის“ შტამით შემთხვევების გაორმაგება დღე-ნახევარში ხდება.

„ომიკრონის“ გამოჩენის შემდეგ მსოფლიოში მოცემულობა შეიცვალა. შტამმა ისეთი ცვლილება განიცადა, რომ გავრცელებამ კატასტროფულად სწრაფი ტემპი მიიღო. სამწუხაროდ, გაიზარდა რეინფიცირებაც. გავრცელების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ როგორც შემთხვევებმა დაამტკიცა, შემთხვევების გაორმაგება დღე-ნახევარში ხდება. მაგალითად, აშშ-ში თუ ვთქვათ, დაიწყო და პირველ კვირაში 3% იყო, მეორე კვირაში უკვე 23% იყო, მესამეში კი 45% მთელი შემთხვევების. ლონდონში ორ კვირაში გახდა 60%, ყველა შემთხვევის და „ომიკრონ“ შტამის. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე აცრილმა ქვეყანამ, დანიამ გუშინ რეკორდი დაამყარა. შემთხვევები იმდენი ჰქონდა, რამდენიც მთელი პანდემიის განმავლობაში არც ერთ დღეს არ დაუფიქსირებია, დაახლოებით 100 000-ზე მეტი და დანიელები გაკვირვებული არიან, რომ 80%-ით აცრილი ქვეყანა პირველ ადგილზე გავიდა 100 000 მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობით“, – განაცხადა წერეთელმა.

როგორც ზაზა წერეთელმა აღნიშნა, იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაღალი მოცვა იყო, „ომიკრონი“ ძალიან სუსტად მიმდინარეობს, რაც ვაქცინაციის დამსახურებაა და გარდა ამისა, მეცნიერება ერთ ადგილზე არ ჩერდება.

„უკვე ორი წელია, მეცნიერები მუშაობენ ე.წ. პოლივაქცინის გაკეთებაზე და აშშ-ში ლაბორატორია ახლა გადადის კლინიკური კვლევების მეორე ეტაპზე. ანუ, ვაქცინის გაკეთებაზე, რომელიც კორონავირუსის ყველა შტამზე იმუშავებს. არა მხოლოდ იმაზე, რომელიც ახლა არის, არამედ იმათზეც, წარმოდგენაში რაც შეიძლება, იყოს, კორონავირუსის ყველა სახეობაზე“, – განაცხადა წერეთელმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რისი მანიშნებელი შეიძლება, იყოს ის ფაქტი, თუ დადასტურდა, რომ „ომიკრონი“ შედარებით სუსტი შტამია, ზაზა წერეთელმა განაცხადა, რომ ვიდრე მსოფლიო ერთ მთავარ პრობლემას არ გადაწყვეტს, რომ აიცრას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მთელ მსოფლიოში და არა ერთ კონტინენტზე, მანამდე ნაადრევია იმის თქმა, რომ კოვიდის დამარცხებაში წარმატება გვექნება.

„ომიკრონი“ რაც არ უნდა სუსტი იყოს, ვიდრე მსოფლიოში გვეყოლება ისეთი კონტიგენტი, როგორიც არის აფრიკა, ან ისეთი ქვეყნები, როგორიც არის საქართველო და სხვა, სადაც ვაქცინაციის მოცვა ძალიან დაბალია, ყოველთვის გვეყოლება ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ვირუსს საშუალებას აძლევს, გამრავლდეს და ერთი ადამიანიდან მეორეზე გადავიდეს. მუტირება სწორედ მაშინ ხდება, როდესაც შენ ამ ვირუსს აძლევ თავისუფალ საშუალებას, რომ ადამიანებს შორის იმოძრაოს. თუ დააკვირდით, ორი შტამი წამოვიდა სამხრეთ აფრიკიდან, ერთი ინდოეთიდან და ყველა ეს შტამი იმ მომენტში წამოვიდა,როდესაც იმ ქვეყნებში აცრის მოცვა ძალიან დაბალი იყო“, – განაცხადა წერეთელმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, რომ საქართველოში გვაქვს ჰოსპიტალური ინფექციით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი, ზაზა წერეთელმა განაცხადა, რომ ტიკარაძის განცხადება ასეთ სიტუაციაში ცოტა არასწორი იყო.

„პირველი, ეს არის ნდობის საკითხი. როდესაც ქალბატონი მინისტრი ამბობს, რომ ამის შესახებ ოქტომბერ-ნოემბერში იცოდნენ, მე და თქვენ ხომ გვებადება კითხვა – თუ ამის შესახებ ოქტომბერ-ნოემბერში იცოდით, მე რატომ არ მითხარით ოქტომბერ-ნოემბერში და რატომ მეუბნებით იანვარში? მეორე, როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, ნიადაგი ეძლევა იმ ხალხს, რომელიც ამბობდა – აი, მე ხომ ვიძახდი, რომ ხალხი იქ კოვიდით კი არ იღუპება, ინფექციით იღუპებაო. ანუ, ჩვენ ახლა ორი დარტყმა მივიღეთ, რომ თურმე, შეიძლება, კოვიდი არც ისეთი საშიშია, როგორც ლაპარაკობენ და ადამიანები ინფექციით იხოცებიან და მეორე, იხოცებიან და ჩვენ არ გვეუბნებიან. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ცოტა დამაზიანებელია, როდესაც პანდემიის მართვაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.