ზაზა ურუშაძე ახალ ფილმზე მუშაობს, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ის კოპრუდუქცია იქნება
ზაზა ურუშაძის ახალი ფილმი „ანტონი“ საფესტივალო ცხოვრებას რამდენიმე თვეში დაიწყებს და საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ის კოპრუდუქცია იქნება. ინფორმაცია ერთ-ერთ პრესტიჟულ პორტალზე, filmneweurope.com-ზე გავრცელდა.
საიტის ცნობით, ზაზა ურუშაძე ფილმისთვის პარტნიორი ამერიკული კომპანიისგან 250 000 დოლარს მიიღებს. 2017 წელს კი ფილმი უკრაინელმა პარტნიორმა კომპანიამ 645 000 ევროთი დააფინანსა.
„ანტონი“ ეროვნული კინოცენტრის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელშიც კინოცენტრის სუბსიდირება 340 000 ლარს შეადგენს. ფილმის ბიუჯეტი მილიონ 29 000 ევროა.
პირველი არხი ზაზა ურუშაძეს დაუკავშირდა. რეჟისორის ინფორმაციით, ფილმის გადაღებები დასრულებულია და ახლა ხმისა და ფერის კორექციის პროცედურები მიმდინარეობს.
„ანტონი“ მოგვითხრობს ორი ახალგაზრდა ბიჭის, ანტონისა და იაკობის ამაღელვებელ მეგობრობაზე, რომლებიც შავ ზღვასთან ახლოს, პატარა გერმანულ დასახლებაში ცხოვრობენ. ისტორიული ჟანრის ფილმი „ანტონი“ მეოცე საუკუნის დასაწყისში, ოქტომბრის გადატრიალების შემდგომ პერიოდს ასახავს, როდესაც ბოლშევიკებმა უკრაინელების მიმართ რეპრესიები განახორციელეს. ფილმი გერმანულ სოფელზე და მათ მცხოვრებლებზე გვიამბობს.
ფილმის მთავარი გმირები უკრაინელი და გერმანელი მსახიობები: ნიკიტა შლანჩაკი, მიკიტ დზიადი, ანტონ სებასტიანი და ტეტეთია გრანჩიკი არიან.