კინოაკადემიის რიგგარეშე ყრილობა ჩაიშალა
კინოაკადემიის რიგგარეშე ყრილობა ჩაიშალა

საქართველოს კინოაკადემიის რიგგარეშე ყრილობა არ შედგა. კინოაკადემიის წევრების ხმაურიანი შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

ხმაური კვორუმის საკითხზე დავამ გამოიწვია. კერძოდ, აკადემიის წევრები სამი საათის განმავლობაში ვერ შეთანხმდნენ, ლეგიტიმური იყო თუ არა იმ წევრთა ნოტარიალურად დაუმოწმებელი ხელმოწერები, რომლებიც ყრილობაზე არ გამოცხადდნენ.

კინოაკადემიის წევრთა ერთი ნაწილი ამბობდა, რომ დამსწრეთა რაოდენობა საკმარისი იყო ყრილობის ჩასატარებლად. კინემატოგრაფისტების განცხადებით, სხდომა მიზანმიმართულად ჩაიშალა. კინოაკადემიის წევრთა მეორე ნაწილს, მათ შორის კინოაკადემიის მოქმედ პრეზიდენტს მიაჩნიათ, რომ კვორუმი არ შედგა და ნოტარიალურად დაუმოწმებელი ხელმოწერები საკმარისი არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ყრილობა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლებოდა.

კინოაკადემიაში აცხადებენ, რომ მორიგი ყრილობა, რომელზეც კინემატოგრაფისტებმა არსებულ პრობლემებზე უნდა იმსჯელონ სექტემბერში ჩაინიშნება. სავარაუდოდ, ამ სხდომაზე საბჭოს წევრთა ნაწილი მოქმედი პრეზიდენტის, კინორეჟისორ ზაზა ურუშაძის ვადაზე ადრე გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

ზაზა ურუშაძე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტად გასულ წელს 5 წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.