ზაზა სოფრომაძემ - ექიმებმა ყველა ზომა მიიღეს ბავშვის გადასარჩენად, მიღებული ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა
ექიმებმა ყველაფერი იღონეს და ყველა შესაბამისი ზომა მიიღეს დაშავებული მოზარდის გადასარჩენად. მიღებული ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.
„სამწუხაროდ, ერთი დაშავებული ბავშვის, ასლან მამედოვის ტრავმა შეუთავსებელი აღმოჩნდა სიცოცხლესთან და ის დაიღუპა მიუხედავად ექიმების ყველა მცდელობისა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო.
ერთი რამ მინდა დავამატო, ექიმებმა მართლაც ყველაფერი იღონეს, ყველა ზომა მიიღეს ბავშვის გადასარჩენად. მიღებული ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან“, – განაცხადა სოფრომაძემ.
ბარათაშვილის ქუჩაზე, მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ექვსი მოსწავლიდან ერთი, 14 წლის ასლან მამედოვი გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი მოზარდი ჰოსპიტალიზებულია.