ზაზა შათირიშვილი - ახალი, იგივე ანტირუსი ბოლშევიკები საზოგადოების უდიდეს ნაწილს გვამუნათებენ, რომ ვიღაცას პოსტსაბჭოთა სენტიმენტები აქვს
ახალი ბოლშევიკები, რომელთაც სრული უფლება გვაქვს, ანტირუსი ბოლშევიკები ვუწოდოთ, საზოგადოების უდიდეს ნაწილს გვამუნათებენ, რომ ვიღაცას პოსტსაბჭოთა სენტიმენტები აქვს, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.
„ანტირუსულობა და პრორუსულობა ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის. მთავარი ის არის, რომ სტრუქტურა მეორდება. ჩვენი თვალით ვნახეთ დაუნდობლობა, ძალადობა და საკუთარი თავის ჭეშმარიტებაში აბსოლუტური დარწმუნებულობა, რომელიც სექტანტურ აზროვნებამდეა მისული. ამიტომ, როცა ვამბობ, რომ წარსული უნდა გავიაზროთ, მარტო ამ ცხრა წელიწადს არ ვგულისხმობ. ამ ცხრა წელიწადს მათ შორის ვგულისხმობ“, – განაცხადა შათირიშვილმა.
მისი თქმით, ცხრა წელიწადი იმიტომ მივიღეთ, რომ 2001-2002 წლებში „მოქალაქეთა კავშირის“ შიგნით არსებულ ორ ძალას შორის ძალიან დიდი იდეოლოგიური განსხვავება არ იყო.
„ჯერ კიდევ 1999 წელს, ლევან რამიშვილი ამბობდა, რეფორმების მომხრე ყველა არის, მაგრამ როცა რეფორმები ნელა ტარდება, უძრაობაში ვეფლობითო. ანუ მთავარი მომენტი იყო ვესტერნიზაცია-მოდერნიზაცია და ასე ვთქვათ, კაპიტალიზმის სამეფოში დამკვიდრება უსწრაფესი გზით მომხდარიყო. როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ პირდაპირი გზა ძალადობაზე გადის და სხვანაირად, ძალადობის გარეშე, ეს შეუძლებელია. ამიტომ ვიღაცებმა თქვეს, რა ვქნათ, სხვა გამოსავალი არ არის, მიზანი საშუალებას ამართლებსო. ბოლოს კი მოხდა ისე, რომ ძალადობის გარდა, არაფერი დარჩა. იყო მხოლოდ საშუალება, არანაირი მიზანი და სანუკვარ მიზანს კიდევ უფრო დავშორდით.
თუ პროევროპულობის თვალსაზრისით სტამბულის სამიტი მართლა სერიოზული გამარჯვება იყო, ამ სტამბულის სამიტს ახლა ძალიან დაცილებული ვართ და მე თუ მკითხავთ, ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ძალადობრივი მეთოდებია“, – განაცხადა შათირიშვილმა.
ანალიტიკოს, გურამ ნიკოლაშვილის შეკითხვაზე, როგორ უნდა განხორციელდეს რეალური ევროპეიზაცია იმ რეალობაში, როცა რიგითი ამომრჩევლის უმეტესობა საბჭოთა კავშირში „რკინის ფარდის“ მიღმაა ნაცხოვრები, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა, რომ ახლა თვითონ ევროპაშიც ერთმანეთს უპირისპირდება ქრისტიანული, ტრადიციული ევროპა და ევროპა, რომელმაც უარი თქვა, კონსტიტუციაში ევროპის ქრისტიანული ძირების შესახებ ჩაწერილიყო, რაც იოანე პავლე მეორის მოწოდება იყო, ხოლო საქართველო ამის მიღმა არ არის.
„ამ უარის თქმის ფონზე, ევროპაში მოდის ძალა, რომელმაც შეიძლება, საბოლოოდ, გადახედოს საფრანგეთის რევოლუციის შედეგებს – ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ანუ მოდის ის, რასაც კლასიკურმა ლიბერალიზმმა ვერ მოუარა და ნუ გვგონია, რომ საქართველო ამის მიღმაა. საქართველოში ზუსტად ეს პროცესები და ეს პრობლემებია“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.