კახა ბექაური - კომისიის ზოგიერთმა წევრმა, რომელიც სამეურვეო საბჭოს კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს, ვერ გაიგო, რომ ეს არც დაკითხვაა და არც გამოცდა
კახა ბექაური - კომისიის ზოგიერთმა წევრმა, რომელიც სამეურვეო საბჭოს კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს, ვერ გაიგო, რომ ეს არც დაკითხვაა და არც გამოცდა

კომუნიკაციების ეროვნული კომისია არის მედიაპოლიტიკის შემქმნელი ქვეყანაში და, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგალითად საია ამბობს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს არ აქვს  საზოგადოებრივი მაუწყებლის  დირექტორთან დალაპარაკების უფლება, გამოდის, რომ ოდნავი კომპეტენციაც არ აქვთ, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

როგორც ბექაურმა აღნიშნა,  ამ თემაზე ბევრი არაკოპეტენტური მოსაზრება გაისმა.

„მე გახლავართ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც არის მედიის მარეგულირებელი, მედიაპოლიტიკის შემქმნელი ქვეყანაში. როდესაც ზოგიერთი თვითმარქვია ჟურნალისტი ამბობს, რომ მე, თავმჯდომარეს არ მაქვს უფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან დავრეკო, დაველაპარაკო, ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგალითად საია ამბობს იმავეს, მაშინ უკვე ერთნაირი კომპეტენცია აქვთ, როგორც ჩანს, ამ საკითხებში. ოდნავი კომპეტენციაც რომ ჰქონდეთ,  იცოდნენ ევროპული მაგალითები, მაშინ ეცოდინებოდათ, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მის თავმჯდომარეს არათუ შეუძლია საჯაროდ მოსაზრების გამოთქმა სამეურვეო საბჭოს კანდიდატზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციაზე, იქ მიმდინარე პროცესებზე, კანონში ცვლილებებზე, მეტიც, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ლატვიაში კომუნიკაციების ეროვნული კომისია არათუ მსჯელობს, არამედ ნიშნავს სამეურვეო საბჭოს კანდიდატებს.  ასეთი რამდენიმე ქვეყანაა, ამის პრაქტიკაც არსებობს“, – აღნიშნა კახა ბექაურმა.

მისივე თქმით,  თუ მედიაპოლიტიკის შემქმნელ ორგანოს წარმომადგენელს არ აქვს უფლება, შეხვდეს მაუწყებლის ხელმძღვანელს, აბა, როგორ უნდა გაიგოს პრობლემები, რომლებიც მედიაბაზარზე არსებობს.

რაც შეეხება ზაზა შათირიშვილის კანდიდატურას, რომლის შესახებაც გადაცემის წამყვანმა დასვა კითხვა, კახა ბექაური მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს პიროვნული თავისუფლების მაღალი ხარისხი, რაც ზაზა შათირიშვილის შემთხვევაში მაღალია.

„ზაზა შათირიშვილს ჩემი ლობირება და მხარდაჭერა არ სჭირდება. მე ვუყურე გასაუბრებებს და იქაც ამოყირავებულია რეალობა. ვერ გაიგო კომისიის ზოგიერთმა წევრმა, რომელიც სამეურვეო საბჭოს კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს, რომ ეს არ არის არც დაკითხვა და არც გამოცდა. კანონმდებლობით, მთელ მსოფლიოში ასეა – სამეურვეო საბჭოს კანდიდატები ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. მთავარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფენ სამეურვეო საბჭოს წევრები და სამეურვეო საბჭოს წევრების პიროვნული თავისუფლების ხარისხი უნდა იყოს მაღალი. სხვანაირად ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფენ. ზაზა შათირიშვილს დამოუკიდებლობის ხარისხი, თუ გადავხედავთ იმ კანდიდატებს, არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ საკმაოდ მაღალია, ვერც შევადარებთ ამ თვალსაზრისით, და მეორე  –  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ავალია კანონით, მიეხმაროს და განსაზღვროს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები. მოგეხსნებათ, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულება რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებივი მაუწყებლისთვის, რადგან ამ ტიპის, ამ შინაარსის გადაცემებს კერძო მაუწყებლები არ აკეთებენ, არ ითვლება კომერციულად. ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულება და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით ზაზა შათირიშვილს რომ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მგონი ეს საკამათო არ არის“, – განაცხადა კახა ბექაურმა.