ზაზა სარალიძის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს განაჩენს ჯერ დეტალურად არ იცნობს
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს დეტალურად არ იცნობს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომრის, ეკა ბესელიას შეკითხვაზე, ენდობა თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებასა და განაჩენს, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, რომ ენდობა უშუალოდ იმ პოზიციას, რაც მოსამართლემ ამ საქმის მიმართებაში დააყენა.
„ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე ვენდობი უშუალოდ იმ პოზიციას, რაც მოსამართლემ ამ საქმის მიმართებაში დააყენა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან დეტალურად არ ვიცნობ სასამართლოს განაჩენს, რადგან განაჩენის ჩაბარებისთანავე პირველ რიგში, მე ზაზას გადავეცი. გუშინ გადმომეცა და ვერ შევძელი ძალიან დეტალურად განმეხილა. თუმცა ის, რომ მან არ გაითვალისწინა კალანდიას ჩვენებები როგორც არასანდო, წინააღმდეგობაშია ყველა მტკიცებულებებთან, ეს ფაქტია და ამაზე არსებობს ჩვენთან პროკურორის განმარტებაც, რომ როგორც კი მოსამართლე თავის განაჩენში არ გაიზიარებს კალანდიას ჩვენებას, მეორე დღესვე მე მაგას დავაკავებო, თუმცა ეს სურათი არ გვაქვს. არის იქ გარკვეული დეტალები, რაზეც შეიძლება მე კითხვის ნიშანი მქონდეს და არ ვიზიარებდე“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.