ზაზა სარალიძე - ყველაფერი უცვლელი რჩება, აქციები გაგრძელდება
ზაზა სარალიძე - ყველაფერი უცვლელი რჩება, აქციები გაგრძელდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ნივთმტკიცებები აღარ არსებობს  და შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა წარიმართოს გამოძიება თავიდან.

მან შეხვედრის შემდეგ კონკრეტული გვარები დაასახელა და აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავის დასჯას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას მოითხოვს.

„სუბელიანი, კალანდია, მირზა სუბელიანი ვისაც ავალებდა, რომ ემოქმედა, რომელი გამომძიებელიც იყო, მინისტრი, ყველა, ვინ გასცა ფარდულის დანგრევის ბრძანება.  ყველაფერი უცვლელი რჩება, სისტემა უნდა დაინგრეს, თუ ესენი გონს არ მოვლენ. პარალელურად აქციები გაგრძელდება“,  – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც სარალიძე ამბობს, ის 10 ივნისამდე ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

„პრემიერმა განმიმარტა, რომ ახლავე დავტოვებ თანამდებობასო, მაგრამ ჯერ კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით. მე ვითხოვ სისტემის ჩამოშლას. თავიდან გამოძიების დაწყება არ არსებობს. გამოძიება უნდა დაიწყოს თავიდან კი არა, უკნიდან.  მოწმეები არ არსებობს, ნივთმტკიცებები არ არსებობს. ვინ გასცა ბრძანება, რომ საქმე გაყალბებულიყო, ვინ უწყობდა საქმეს, პროკურორები – ფხაკაძე და გუგუშვილი, მთელი 6 თვე შეურაცხყოფას რომ მაყენებდნენ, გენერალური პროკურორი, რომელიც გამოდიოდა და რაღაცებს იგონებდა. თუნდაც მალხაზ კაპანაძე, ქალაქის პროკურორი რომ გამოვიდა და ბრალდებულები ექვსი თვე დუმილის უფლებას იყენებდაო“, – განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, მას ნდობა არ აქვს. ასევე, სარალიძის განცხადებით, თუ რომელიმე მოწმემ მიცემული ჩვენება შეცვალა, პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღეს შეხვდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და ზაზა სარალიძის მეუღლე ესწრებოდნენ.