ზაზა სარალიძე - სოსო გოგაშვილი ვერსად დაგვემალება, არ უნდა დადიოდეს ქუჩაში, ციხეში უნდა იჯდეს
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადმოვინაცვლეთ, რადგან სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აქ დააწყებინეს მუშაობა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე განაცხადა.
„სოსო გოგაშვილი ვერსად დაგვემალება. შვილების მკვლელები პასუხისგებაში მიეცემიან. გოგაშვილი არის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელი. ეს ადამიანი არ უნდა დადიოდეს ქუჩაში, უნდა იჯდეს ციხეში, უვადოდ, რადგან მის კისერზე ძალიან ბევრი სისხლია და თუ გარეთ დარჩება, კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.
ჩვენი მოთხოვნები აუცილებლად შესრულდება, რადგან უკან დახევას არ ვაპირებთ. ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ყველა მკვლელი პასუხისგებაში არ მიეცემა. ამ ხელისუფლებას ვერ ვაიძულებთ? მაშინ ვაიძულებთ, რომ წავიდნენ სახლში, ახალი ხელისუფლების ფარგლებში დაიწყება ამ საქმის ხელახალი გამოძიება და აუცილებლად დაისჯებიან ჩვენი შვილების მკვლელები“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ მისი შვილის მკვლელი არ დაისჯება.
„არა მხოლოდ მკვლელი, ამ საქმეების გამყალბებელი და ყველა მფარველი“, – განაცხადა სარალიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია – „მამები სიმართლისთვის“ მიმდინარეობს. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის გარდაცვალებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს ადანაშაულებს და მის დასჯას მოითხოვს.