ზაზა სარალიძე სასამართლოს სასადილოს ინციდენტში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მივიდა.
როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, სამართალდამცველებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდართან დაკავშირებით.
„მე თვითონ გადმოვრეკე გენინსპექციაში და ამასთან დაკავშირებით დამიბარეს, რომ დეტალებზე ვისაუბრო. ყველაფერს დეტალურად ვეტყვი, ვისხედით ჩვენ საჭმელს ვჭამდით, შემოცვივდნენ, მოთხოვეს ზვიად კუპრავას, რომ მოსამართლე გიბარებსო. ძალით გაათრიეს კუპრავა. თავზე დაგვამხეს საჭმელ-სასმელი, გადმოგვიყირავეს მაგიდა. ლაგვილავას ხელით შეეხნენ. ჯიკაობის მომენტში ჩემსკენაც წამოვიდნენ ეს იყო მარაზმი, ჭამა არ გვაცადეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, ყველა პოლიციელი, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა უნდა დაისაჯოს.
„დასაჭერები არიან სუყველა. ყველა პოლიციელი დასაჭერია. იქ კონკრეტული პოლიციელები გათავისუფლებული უნდა იყვნენ თანამდებობიდან”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ამასთან, სარალძემ აქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოლიდარობის აქციები გაგრძელდება.
„თავისუფალ დრო როცა მექნება, ნებისმიერ დროს შევუერთდები აქციებს. გახარიას გუშინდელი გადაცდომა არ იყო. ტერორისტები როგორც მოვიდნენ იმ აქციაზე. საბანაძეა, თუ ვიღაც ჯანდაბა თურმე შემხვედრია, უთქვამს, რომ კარვები უნდა ავიღოო, სად შემხვდა, სად დამირეკა. არ მოწყინდათ ტყუილების ლაპარაკი. ახლა უნდა მივადევნო თვალი გამოძიებას, როგორც კი საჭიროება მოითხოვს, მივატოვებ ყველაფერს და წავალ აქციებზე”, – აღნიშნა სარალძემ.