ზაზა სარალიძე - საპატრიარქოში რომ შედიხარ, სულ სხვა ძალით გამოდიხარ, აბსოლუტურად დამშვიდებული
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და მისმა მეუღლემ საქართველოს საპატრიარქო უკვე დატოვეს.
როგორც პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ სარალიძემ განაცხადა, ის ილია მეორემ სადილზე მიიწვია.
სარალიძის თქმით, პატრიარქთან შეხვედრაზე ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.
„შევხვდი პატრიარქს, მკვლელობასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, უბრალოდ დღეს დამპატიჟა თავად უწმინდესმა სიონის ტაძარში, სადაც პირველად ვეზიარე და იქიდან დამპატიჟა სადილზე. მეოთხედ შევხვდი პატრიარქს ჩემი ცხოვრების მანძილზე, ძალიან დიდი ძალა გადმოვიდა ჩემზე. პატრიარქის ნათესავმა გამომაცილა და მას ვეუბნებოდი, რომ ეს არის სულიერი სიმშვიდის ტერიტორია, შიგნით რომ შედიხარ, სულ სხვა ძალით გამოდიხარ, აბსოლუტურად დამშვიდებული“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
პატრიარქმა სარალიძეს საჩუქრად ხატი გადასცა.
საპატრიარქომდე ზაზა სარალიძე სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც დღეს ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.