ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა.
ზაზა სარალიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს უნდა შეხვდეს. იგი აცხადებს, რომ პრემიერთან მარტო შეხვედრას არ აპირებს და ერთი საათი დაელოდება პასუხს.
„ჩვენ შევდივართ ადამიანები, ყველა პოლიტიკოსი, ყველა შვილმოკლული მშობელი. ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ ძალიან ვთხოვ, რას ჰქვია მარტო. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩემს გვერდით არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. დაველოდები მათ გადაწყვეტილებას ერთი საათი, არ შემიშვებენ, კარგად ბრძანდებოდნენ, მარტო არ შევხვდები პრემიერ-მინისტრს, ექვსი თვე ვეხვეწე და ვემუდარე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ამასთან, ადგილზე მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.
ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.