ზაზა სარალიძე - ბავშვებმა მკვლელობის პირველივე დღეს დამისახელეს ის სამი პიროვნება, რომლებმაც ჩემს შვილზე დანა აღმართეს
მკვლელობის პირველივე დღეს, ბავშვებმა პირდაპირ დამისახელეს ის სამი პიროვნება, რომლებმაც ჩემს შვილზე დანა აღმართეს თუ რა იარაღიც აღმართეს, ესენი არიან გ.ჯ, მ.კ. და მღვდლის შვილი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პიროვნებების შესახებ ინფორმაცია კონფლიქტში მონაწილე ბავშვებმა მიაწოდეს.
„რამდენიმე ხანი დამჭირდა, ზუსტად გამერკვია, ეს პიროვნებები ნამდვილად იყვნენ თუ არა, რაც ნამდვილად დადასტურდა ყველანაირად, არა მხოლოდ ჩემი მხრიდან, არამედ გამოძიების მხრიდანაც. პროკურატურამ თვითონ დამანახა, ეს პიროვნებები ვინ იყვნენ და რა იყვნენ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისი ინფორმაციით, ინციდენტი სკოლის ტუალეტიდან დაიწყო. ზაზა სარალიძემ საგამოძიებო კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, რაც ამ ინციდენტთან დაკავშირებით მას კონფლიქტში მონაწილე ბავშვებმა მიაწოდეს.
„ინციდენტი დაიწყო სკოლის ტუალეტიდან. როგორც ვიცი, ჩემი შვილის მეგობრებმა შეაშინეს თუ რა უქნეს, არავინ ვიცით სრული ისტორია, არც ერთი მხარე არ ყვება სრულ ისტორიას, არც ის მეცხრეკლასელი ბავშვები და არც ჩემი შვილის მეგობრები. ზოგადად, ისტორია ის არის, რომ პისტოლეტით შეაშინეს, იუკადრისა მეორე მხარემ, რომელმაც დასახმარებლად დაუძახა დეიდაშვილს, იმან თავის მეგობრებს. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ აქ რა კითხვაც დამებადა და რასაც პასუხი ვერ გავეცი, არის ის, რომ როცა ა.ს-მ დაურეკა მ.კ-ს, არავინ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა მას, რის საფუძველზე უნდა მოსულიყო მ.კ. და მისი მეგობრები, თუნდაც რა უძღოდა წინ ამ საქმეს, არავინ იცის, ამაზე არავინ ლაპარაკობს.
ვფიქრობ, ა.ს.-ს ძალიან არარეალური ინფორმაცია აქვს მიწოდებული მ.კ-სთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტია, ხორავას ქუჩაზე ყველა მოსულს ჰქონდა იარაღი მაშინ, როცა პატარა ბავშვები არ დადიან იარაღით გარჩევაზე, მით უმეტეს სკოლის პერიოდში. ეს იყო შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, რომ იქ ვიღაც უნდა დაჭრილიყო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
როგორც სარალიძემ აღნიშნა, კონფლიქტის რაღაც ეტაპზე მხარეების შერიგებაზეც იყო საუბარი, რა დროსაც, მის შვილსა და გ.ჯ.-ს შორის ვითარება დაიძაბა.
„ზოგი ამბობს, რომ ჩემმა შვილმა შეაგინა და სიგარეტის ნამწვი ესროლა. რატომ შეაგინა, ვიცი, ამასაც ვიტყვი. გ.ჯ.-მ ხელი აუქნია დათოს, არ ვიცი, შეიძლება, შემთხვევით აუქცია და მოხვდა, რასაც, ალბათ, იუკადრისებდა. პატარა ბავშვებს ხომ არ გააჩნიათ უკან დახევის უნარი. რატომ აუქნია ხელი და რა მოხდა, ამას არავინ ამბობს, ფაქტია, დაიძაბა სიტუაცია ჩემს შვილსა და გ.ჯ- ს შორის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
როგორც მან საგამოძიებო კომისიის წევრებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ ურტყამდა ყველა დავით სარალიძეს, როდესაც მის გვერდით სხვა მოსწავლეებიც იდგნენ, რომელთაც არავინ შეხებია.
სარალიძის თქმით, ის მკვლელობის დღეს ესაუბრა თავის შვილის ორ მეგობარს დ.ნ-სა და დ.ღ-ს, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.
„ვიცოდი, რომ ეს ბავშვები რაღაცას იტყუებოდნენ, მკვლელობის ნაწილში საერთოდ არეულები იყვნენ და არაფერს ლაპარაკობდნენ. ფაქტია, მკვლელობის ნაწილს მალავდნენ თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს.