ზაზა სარალიძე - ლევან დადუნაშვილი მოწმე იორდანიშვილის თვალწინ მოკლეს
თუ ადამიანი პირველ დეკემბერს დაიკითხა და მისი ოფიციალური დაკითხვის ოქმი საგამოძიებო სამსახურში არ არსებობს ე.ი. ეს დოკუმენტაცია განადგურდა,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ საგამოძიებო კომისიის მიერ მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილის გამოკითხვის შესახებ განაცხადა.
ზაზა სარალიძეს არ სჯერა, რომ იორდანიშვილმა ვერ დაინახა, როგორ მოკლეს ლევან დადუნაშვილი.
„ე.ი პასუხი პროკურატურას ან იმ გამომძიებელს უნდა მოვთხოვოთ, ვინც გაანადგურა. თუ ეს ადამიანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს ე.ი ვიღაცამ ან ზეწოლა განახორციელა, ან მოისყიდა ან რაღაც დააშავა, ფაქტია.
ვიდრე აქ მოვიდოდი, მოვუსმინე ამ პიროვნების დაკითხვის საკითხს, თითქოსდა აღარაფერი არ ახსოვს. კარგით რა, ლევან დადუნაშვილი მის თვალწინ მოკლეს. შესაძლებელია, რომ გვერდულად იდგა და ჩემს შვილს ვერ ხედავდა, რომ ჭრილობებს აყენებდნენ. მისი მანქანის თვალწინ ლევან დადუნაშვილი მოკლეს.
ბავშვებზე შემიძლია ვთქვა, რომ მენტალობიდან გამომდინარე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ეს უკვე თავად უნდა შეაფასოს კომისიამაც, შსს-მაც და პროკურატურამაც”,-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ამასთან, ზაზა სარალძეს არ აქვს იმის შესახებ ინფორმაცია, რომ ფარდულის დემონტაჟში პოლიცია მონაწილეობდა.
„პოლიციამ გააკეთა თუ არა დემონტაჟი, ეგ არ ვიცი. ვიცი, რომ ხალხის მოთხოვნით დაინგრა, თუმცა ვიცი, რომ პოლიცია საქმის კურსში იყო, ფარდული რომ დაინგრა. რატომ არ შეუშალა ხელი, ეს უკვე გამოძიებამ დაადგინოს და ისინი თვითონ ალაპარაკონ, ვინც სიტყვიერი თუ ოფიციალური ნებართვა გასცა. ამას მნიშვნელობა არ აქვს”,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე დღეს ის პირი გამოიკითხა, რომელიც პირველ დეკემბერს, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ადგილზე იმ ავტომობილით იყო მისული, რომლითაც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.
კომისიის წევრებს უკვირთ, როგორ ვერ დაინახა მოწმე იორდანიშვილმა მოზარდების დაპირისპირება, როცა ამ დროს საკუთარ მანქანაში იჯდა და ეზოდან გასვლას ცდილობდა.