ზაზა სარალიძე - ერთადერთი გამოსავალია, რომ საქმის დეტალებზე ბავშვები ალაპარაკდნენ
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალია, რომ საქმის დეტალებზე ბავშვები ალაპარაკდნენ.
როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს გადაიდგა პირველი ნაბიჯები.
„ვნახოთ, რა გაირკვევა და ძიება რა კუთხით წავა. მოწმეები მოსვლასა და ინფორმაციის მიწოდებას გვერდს ვერ აუვლიან. მთავარია, სიმართლე ილაპარაკონ. იმედი რომ არ მქონდეს, ბრძოლას არ განვაგრძობდი. ჩემი აზრით, ზვიად ფხაკაძე პროკურატურაში აღარ უნდა იყოს. მის ზემდგომებს რეაგირება უნდა მოეხდინათ. დღეს ბრალდებული ჯანაშია იკითხება. ამ გვარის დასახელების გამო უნდა გაეთავისუფლებინათ, დანარჩენი ბრალეულობა რაც გამოიკვეთება, ვნახოთ. მოწმეები არ არსებობს, ნივთმტკიცებულებები არ არსებობს, ე.ი. მკვლელებიც არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს ბავშვები ალაპარაკდნენ, მაგრამ მეეჭვება, რადგან სასამართლო პროცესზე ჩვენებები მიცემული აქვთ და განმეორებითი სხვა ჩვენება რომ
მისცენ, ყველა პასუხისგებაში იქნება მისაცემი. მკვლელებზე რომ გავიდეთ, დანაშაულებრივი წვლილის გამოკვეთა მაღალჩინოსნებიდან – პროკურორებიდან და გამომძიებლებიდან უნდა დაიწყოს, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა და ამ საქმის “შეკერვას” ვინ შეეცადა”, – განაცხადა სარალიძემ.