ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 5 აგვისტოს სტრასბურგში გაემგზავრებიან და საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. მათი თქმით, ისინი საერთაშორისო სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, „ჰუმან რაით ვოჩს“, ევროპელ ადვოკატებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში ორ საქმეზე – დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე იქნება საუბარი და ასევე დაიწყება სარჩელის მზადება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ უნდა შეიტანონ.
ზაზა სარალიძის თქმით, საზოგადოებამ კარგად დაინახა, „როგორ შეკერეს დავით სარალიძისა და და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეები.
„ფაქტია, საქართველოში ჭეშმარიტებას ვერ მივაღწიე. წესით, არ უნდა მიწევდეს არც მე და არც ბატონ მალხაზ საზღვრებს გარეთ გასვლა, მაგრამ ფაქტია, დავდექით იმის წინაშე, აუცილებლად უნდა მივმართოთ ევროპულ სასამართლოს დახმარებისთვის, რომ როგორმე მაინც დავადგინოთ ჩვენი შვილების წინააღმდეგ ეს უმსგავსო გამოძიება. არ ეხებიან პირდაპირ მკვლელებს, რაღაც ირიბად მიჰყავთ გამოძიება, არ ეხებიან არც გამომძიებლებს და არც პროკურორებს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ „ეს ორი გახმაურებული დანაშაული პირდაპირ სახელმწიფოს მიერ არის ჩადენილი“.
„თერმილანის საქმეზე ყველანაირად ვეცდები, ის რაც მოხდა პანკისის ხეობაში, დასახელდეს ტერაქტად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ სიმართლეს მივაღწიოთ და სამართალი დაიდოს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა
მაჩალიკაშვილი და სარალიძე ასევე პრევენციის მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართავენ იმ ინფორმაციის მისაღებად, არსებობს თუ არა საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით რამე შეფერხება.