ზაზა სარალიძე - ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში მირზა სუბელიანის ქმედება ძალიან დიდია
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის უწყება, რომელმაც პირველად დაიწყო საქმის გაყალბება.
როგორც ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომაზე განაცხადა, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტი მირზა სუბელიანის შვილის გამო დაიწყო და ბავშვების შეკრების ორგანიზატორი იყო.
„ფაქტია, რომ ელემენტარული, რაღაც მუხლით მაინც არის დამნაშავე მირზა სუბელიანის შვილი. დამეთანხმებით ხულიგნობა, თუნდაც ორგანიზატორობა. შემდეგ მირზა სუბელიანის ცოლის დისშვილი ერთვება ამ საქმეში, რომელიც პირდაპირ მკვლელია ჩემი შვილის, შემიძლია ეს პირდაპირ ვთქვა, ამას ვერავინ გადამარწმუნებს. მაქსიმალურად ეცადა მირზა სუბელიანი, რომ სხვა გზით წასულიყო გამოძიება. გიორგი გახარია დღეს მიმტკიცებს, რომ საქმეს ჩემი უწყება გამოიძიებსო. მისმა უწყებამ პირველმა დაიწყო ამ საქმის გაყალბება. ფარდული არასწორ დროს დაინგრა, რადგან გამოძიება დასრულებული არ იყო. არ იყო იქ მისი ზუსტი ზომები მითითებული. ამის მიზეზად გამომძიებლებმა მოიყვანეს, რომ საზომი ერთეული არ ჰქონდათ. არ იყო მ.კ-ს ტანსაცმელი ამოღებული, რაც შსს-ს დაქვემდებარებაში იყო. ძალიან ბევრი გარემოებაა, რაც გააყალბა თავიდან შსს-მ”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, შსს-მ საქმე ძალიან მალე გადასცა პროკურატურას, რომელმაც საქმის თეთრი ძაფით შეკერვა გააგრძელა.
“მირზა სუბელიანის ქმედება ამ საქმეში არის ძალიან დიდი, დარწმუნებული ვარ ამაში უკვე. საერთოდ გამოკითხულიც კი არ არის მირზა სუბელიანი. თავდაპირველად გ.ბ-ს ადვოკატს, ინგა შარაშენიძეს ჰყავდა დასაკითხ სიაში, თუმცა შემდეგ სიიდან ამოიღო. მიზეზი ჩემთვის უცნობია. საქმის მასალებში დაკითხვის კი არა, მირზა სუბელიანის გამოკითხვის ოქმიც არ არსებობს. როგორც იქნა ექვსი თვის შემდეგ შსს მიხვდა და სუბელიანი იგივე ბრალდებით დააკავა. ეს მასალები თავიდან არ ჰქონდათ. ის ვიდეო ჩანაწერიც ჰქონდათ, ის ჩვენებიც ჰქონდათ, მაგრამ არ ჩათვალეს საჭიროდ, ვინ არ ჩათვალა? ან შსს-მ, ან პროკურატურამ. დღეს შსს მიმტკიცებს, რომ სწორად გამოიძიებს საქმეს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ამასთან, ზაზა სარალიძეს კითხვა დაუსვეს, აქვს თუ არა მოწმეებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია, რაზეც სარალიძემ აღნიშნა, რომ ამაზე პირდაპირი ინფორმაცია არ აქვს.
„პირდაპირ ინფორმაციას ვერ ვფლობ, ძალიან მინდოდა გავსულიყავი ვინმეზე, მაგრამ აი, ზუსტად იმ ბავშვების ჩანაწერში ისმის ასეთი რამ, რომ ვიღაც ბაბუამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს. ვისზე იყო საუბარი, ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ყველაზე მეტი საინტერესო არის ის, როდესაც ეს ბავშვები საუბრობენ, რომ მე ვიღაცამ მითხრა, ვიღაც ბაბუამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს, აქ საუბარია ვიღაც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელზე. ანუ რომელიღაც გამომძიებელი, ან პროკურორი ეუბნება ამ ბავშვებს ასეთ სიტყვებს”, – განაცხადა სარალიძემ.
ამასთან, ზაზა სარალიძემ ისაუბრა სუბელიანთან კომუნიკაციაზე და აღნიშნა, რომ ის მასთან სახლში იყო მისული.
„მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული. ეს მოხდა მისი შვილის დაკითხვის შემდეგ, მებოდიშა. სახლში იყო მოსული ჩემთან, სამწუხაროდ მე არ ვიყავი სახლში, ჩემი მეუღლე იყო. ბიბლია და წმინდა გიორგის ხატი გადმოგვცა საჩუქრად ბავშვის სახელზე. დანარჩენი არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ტელეფონით მირეკავდა იმ პერიოდში, ვიდრე სახლში მოვიდოდა, ვიყავი თუ არა სახლში იმის დადგენა უნდოდა. რაღაცეებს მეუბნებოდა, ისევ და ისევ მებოდიშებოდა და მეუბნებოდა, რომ ალბათ რაღაც შეცდომა დავუშვი ბავშვის აღზრდაში”, – აღნიშნა სარალიძემ.