ზაზა სარალიძე - ჩემი შვილის მეგობრები სადაც იქნებიან, მეც იქ ვიქნები ყოველთვის
დიდი მადლობა სრულიად საქართველოს. ჩემი ადგილია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილის მეგობრების გვერდით, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში განაცხადა, სადაც აქციაზე „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ მივიდა.
„მე ვიბრძვი სამართლიანობის აღსადგენად და საქართველოს მომავლის დასაცავად. ისევ და ისევ მოვუწოდებ მთელ საქართველოს, დადექით ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად.
ისევ და ისევ მოვუწოდებ საქართველოს და არა კონკრეტულად, ყველა პოლიტიკოსს, ყველა ქართველს, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა ბავშვსა და სტუდენტს, ყველას, თუნდაც მმართველი გუნდიდან და პროკურატურიდან იყოს. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. ვინც ჩემი შვილის მკვლელების გამოსააშკარავებლად იბრძოლებს, იმათ გვერდში ვიქნები ყოველთვის“, – აღნიშნა სარალიძემ.
მისივე თქმით, ის არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველა მოქალაქეს მიმართავს.
„ნურასდროს მიხსენებთ კონკრეტულად რომელიმე პარტიას. მე მოვუხმობ ყველა პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებულ ადამიანებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსი იქნება, თუ ჩემნაირი გლეხი. ვინც ჩემი შვილის და ქართველი ბავშვების სადარაჯოზე იდგება, იმათ გვერდში ვიდგები ყოველთვის. მე ამ ხალხის გვერდით ვარ და ვიბრძვი სამართლიანობის აღსადგენად, ვინ რა მიზნებით გამოიყენებს ამას, ეს ჩემი ნება არ არის“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, თვლის თუ არა ზაზა სარალიძე, რომ პოლიტიკოსები სიტუაციას იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად, სარალიძემ განაცხადა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
„ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, რადგან არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ჩემი შვილის მეგობრები სადაც იქნებიან, იქ ვიქნები მეც ყოველთვის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.