ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ სასამართლოს სასადილოს ინციდენტზე შსს-მ პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დააფიქსირა
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ს გენინსპექციამ პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დააფიქსირა.
კერძოდ, როგორც სარალიძე აცხადებს, ინციდენტში მონაწილე ოთხ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევარი დამოკიდებულებისთვის საყვედური გამოეცხადა, ხოლო იმავე გადაცდომისთვის, ამ პოლიციელების ხელმძღვანელ პირს, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, შსს-მ დისციპლინარული სასჯელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადა.
სარალიძის განცხადებით, შსს-ს რეაგირება მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მისასალმებელია. ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად იმყოფებოდა.
11 ივნისს, ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს. ზაზა სარალიძემ სასამართლოს სასადილოს ინციდენტის შესწავლის მოთხოვნით შსს-ს გენინსპექციას მიმართა.