ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პრემიერთან შეხვედრაზე მოითხოვს, „პირველმა არხმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შესახებ ფილმი დროულად გაუშვას“

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მოითხოვს, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დროულად გაუშვას ფილმი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხება“.

პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, რა იმედით მიდის სარალიძე პრემიერთან შეხვედრაზე და რა უნდა იყოს შეხვედრის შედეგი, ზაზა სარალიძემ აღნიშნა:

„პირველ რიგში, მოთხოვნა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დროზე გაუშვას ფილმი“, – განუცხადა ზაზა სარალიძემ პირველ არხს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ 2 ივნისს გააკეთა განცხადება, თითქოს ზაზა სარალიძეს დაურეკეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, რომ ფილმის გაშვებისთვის საჭიროა ზაზა სარალიძის მოსვლა საზოგადოებრივ მაუწყებელში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მაშინვე განაცხადა, რომ ფილმი, რომელზეც ზვიად კუპრავა საუბრობდა და, რომელიც შეიძლება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მოვლენებს უკავშირდებოდეს, მზა სახით არ არსებობს. ასევე, არ ჰქონია კომუნიკაცია ზაზა სარალიძესთან და თუ ვინმე დაუკავშირდა ზაზა სარალიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით, ამაზე არხი პასუხისმგებლობას ვერ იღებს.

თავად ზაზა სარალიძემ კი, ზვიად კუპრავას მიერ პირველი არხის შესახებ 2 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია იმავე დღეს კატეგორიულად უარყო.