ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ აქციებს დროებით შეაჩერებს. ამის შესახებ სარალიძემ ჟურნალისტებს პარლამენტიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს შეხვდა „ევროპული საქართველოდან“.
სარალიძის განცხადებით, სოლიდარობის აქციები გაგრძელდება, თუმცა მასშტაბური აქცია შესაძლოა, საჭიროებისამებრ ჩაინიშნოს.
მისი თქმით, ხელისუფლებას გონივრულ ვადას აძლევს მოთხოვნების შესასრულებლად.
„მოთხოვნები იგივე რჩება აბსოლუტურად. პლუს გონივრული ვადა მინდა მივცე ხელისუფლებას იქიდან გამომდინარე, რომ მოვითხოვე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადაყენება. გონივრულ დროსაც მივცემ ერთი კვირის განმავლობაში, რომ იფიქრონ. ეს სოლიდარობის აქციები გაგრძელდება, რა თქმა უნდა. თუ ჩავთვლით საჭიროდ, არა არის გამორიცხული, ხვალვე ჩავნიშნოთ მასშტაბური აქცია. როგორც ასეთი, კატეგორიულად ერთი კვირით გადავწევ აქციას, ამას არ ვამბობ“, – აცხადებს სარალიძე.
კითხვაზე, დარჩებიან თუ არა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები და გამოეთიშება თუ არა სარალიძე მათ აქციას, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ აქციებს არ ეთიშება, უბრალოდ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ მოახერხებს აქციებზე ყოფნას.
„გამოთიშვა გამორიცხულია. განვმარტავ ისევ. დღეს აქცია დაგეგმილი მქონდა, მაგრამ იქიდან გამომდიობნარე რომ მთელი დღე სასამართლოში ვიყავი, შემდეგ ამ კომისიასთან ვიყავი შესახვედრი და დღეს კიდევ უნდა წავსულიყავი გენინსპექციაში, მაგრამ უკვე გვიანია ძალიან, ვეღარ მივდივარ. ხვალ დილიდან უკვე გენინსპექციაში შეხვედრაზე შევთანხმდით, 11:00 საათზე გენინსპექციაში უნდა ვიყო. უბრალოდ ვერ მივაქცევ ყურადღებას. ნებისმიერ ადამიანს თუ უნდა საპროტესტო აქცია რომ გაგრძელდეს, აუცილებლად გააგრძელებენ და მოთხოვნები იგივე რჩება“, – აღნიშნა სარალიძემ.