ზაზა ხუციშვილი - პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს ვუჭერ, მაგრამ ვაცნობიერებ რისკებს, რომელიც ამ სისტემას მოჰყვება
პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს ვუჭერ, მაგრამ მეც ვაცნობიერებ რისკებს, რომელიც ამ სისტემას მოჰყვება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაგალითად, იტალიამ პროპორციულ სისტემას მხარი ცოტა ხნით დაუჭირა და ისევ შერეულ სისტემაზე გადავიდა, რადგან პროპორციული სისტემის დროს პრაქტიკულად ექვსი თვით ირჩევდნენ მთავრობას და სულ კრიზისი იქმნებოდა.
„ასევე, ნახეთ, რომ გერმანიამ მთავრობა ექვსი თვის განმავლობაში ვერ აირჩია. საქართველოსთვის ეს პრობლემა იქნება. რა თქმა უნდა, იდეალური სისტემები არ არსებობს, მაშინ ევროკავშირის ყველა ქვეყანას ერთი სისტემა ექნებოდა. პროპორციულ სისტემას თავის უკუეფექტებიც აქვს, მაგალითად, მე პარტიული არ ვარ და აღარ მექნება საშუალება, პარლამენტში უპარტიოდ მოვხვდე. ერთ-ერთი პარტია უნდა ავირჩიო“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
დეპუტატის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ის პარტია „ქართულ ოცნებას“ აირჩევს ან საერთოდ არავის აირჩევს.
„სისტემის წინააღმდეგ არ წავალთ. მხარს ვუჭერთ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა. „ქართული ოცნება“ ორი ვადით იყო. ამის შემდეგ საზოგადოება ცვლილებებს მოითხოვს და საზოგადოებას ამ ცვლილებების საშუალება უნდა მივცეთ. ერთი, რის წინააღმდეგაც წავალ, ეს ბლოკებია, რადგან ეს არის სისტემა, რომლის დროსაც 200 პარტიიდან, რომელიც საქართველოშია და არავის მხარდაჭერა არ აქვს, შეიძლება, ბლოკის სახით შევიდნენ ძლიერ პარტიასთან, შემდეგ დაფინანსება მიიღონ, როგორც კვალიფიციურმა სუბიექტმა, დაინიშნონ მაღალი ხელფასები და საქართველოს მასშტაბით არც ერთი ოფისიც არ ჰქონდეთ, ისევ ერთი კაცის პარტიები იყვნენ“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
დეპუტატის თქმით, ის წინააღმდეგია, რომ გადამხდელების ფული ასე იყოს გამოყენებული.
„რაც შეეხება ბარიერს ნული იქნება თუ სამი, თუ ბლოკი არ იქნება, ამაზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, შეიძლება. წინა საკონსტიტუციო ცვლილებების დროს უმრავლესობამ ვერ მოვახერხეთ მაჟორიტარები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაგვეთანხმებინა. ახლა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მათგან დიდი უმრავლესობა თანახმაა. ამ დოკუმენტის მისაღებად ყველა ვარიანტში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა დაგვჭირდება. ასეთ მხარდაჭერას მოვიპოვებთ, რადგან ყველა თანხმდება, რომ ამ ეტაპზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საჭიროა“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.