ზაზა ხატიაშვილი - ადვოკატებს ჯანაშიასა და მისი მხარდამჭერებისგან ეგზავნებოდათ შეტყობინებები, რომ არჩევნების მეორე ტურზე არ მისულიყვნენ
ლევან ჯანაშიასა და მისი მხარდამჭერებისგან გუშინ, ადვოკატებს ეგზავნებოდათ მესიჯები, რომ არჩევნების მეორე ტურზე არ მისულიყვნენ, რათა კვორუმი არ ყოფილიყო – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა არჩევნების მეორე ტურზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, არჩევნებზე 1000-მდე ამომრჩეველი მივიდა. ხატიაშვილის თქმით, ის ამაყია, რომ ადვოკატთა კორპუსის გაერთიანება შეძლო. ხატიაშვილი ასოციაციის წევრებს კიდევ ერთხელ დაემშვიდობა და განაცხადა, რომ არჩევნების პირველი ტური არ გაყალბებულა.
ამ დროისთვის, საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევენ, რის შემდეგაც ხმის მიცემის პროცესი დაიწყება.
სპორტის სასახლეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი ლევან ჯანაშია და დავით ასათიანა რეგისტრირებული, თუმცა ჯანაშიამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის, ინგა ბერიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, ლევან ჯანაშია რეგისტრირებულ კანდიდატად ითვლება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა. მეორე ტურის ჩატარება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ერთ-ერთი კანდიდატის დავით ასათიანის მხარდამჭერებმა კომისიის რამდენიმე წევრი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა, დავით ასათიანმა 1 129 ხმა მიიღო, ლევან ჯანაშიამ – 635.