ზაზა ხატიაშვილი - ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების ეს შედეგები თუ დარჩება, მეორე ტური უნდა ჩატარდეს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების არსებული შედეგები თუ დარჩება, მეორე ტური უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატი, დავით ასათიანიც, რომელიც ხმათა უმრავლესობით ლიდერობს, ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
„მიუხედავად იმისა, რომ დავით ასათიანმა გაიმარჯვა საგრძნობი უპირატესობით, ვფიქრობ, ეს შედეგები თუ დარჩება, მეორე ტური უნდა ჩატარდეს და უნდა ჩატარდეს ორი კვირის განმავლობაში. ეს არის კანონის მოთხოვნა, ეს არის წესდების მოთხოვნა.
ასოციაცია ვალდებული იქნება, კანონისა და წესდების მოთხოვნა შეასრულოს. ზოგიერთი კოლეგა ფიქრობს, რომ ბატონმა დავით ასათიანმა პირველსავე ტურში გაიმარჯვა, მაგრამ პროფესიის ერთიანობიდან გამომდინარე, თვითონ დავით ასათიანიც ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ მეორე ტური ჩატარდება“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების საბოლოო, შემაჯამებელი ოქმი სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება. ამ დროისთვის, უცნობია, ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, თუ ერთ-ერთი კანდიდატი გამოცხადდება გამარჯვებულად. თუკი არჩევნების მეორე ტური გახდება საჭირო, მასში მონაწილეობას დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია მიიღებენ.