ზაალ უდუმაშვილი - რაც დროულად დააკმაყოფილებენ ჩვენს განცხადებებს და აღარ გვერქმევა დეპუტატები, ჩვენთვისაც უკეთესია, ამ პარლამენტსაც დაადგება საშველი და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი
ხელისუფლებას თუ ჰგონია, რადგან პარლამენტზე უარი ვთქვით, წავალთ და სახლებში დავჯდებით, ძალიან ცდება, ჩვენ პარლამენტზე ვთქვით უარი, მაგრამ მთელი პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს ქუჩაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა არ შეიცვლება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დააკმაყოფილებენ მანდატების გაუქმების მოთხოვნას თუ არა.
„ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იგდებენ თავს. რა ჰგონიათ, კიდევ ვინმეს დაითანხმებენ პარლამენტში შესვლაზე? პარლამენტი დარჩება იმ კონფიგურაციით, რომელიც არის და რომ არ დარჩეს ასეთად, არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. სხვა ყველაფერი დარჩება ისევ ისე. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, რომელსაც მივყვებით. რაც უფრო დროულად დააკმაყოფილებენ ჩვენს განცხადებებს და ჩვენ აღარ გვერქმევა დეპუტატები, ჩვენთვისაც უკეთესია. ბოლო-ბოლო ამ პარლამენტსაც დაადგება საშველი და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს ქუჩაში და კონსტიტუციით დაშვებულ პროტესტის ყველა ფორმას მიმართავენ.
„აქციები აუცილებლად იქნება, იქნება მასშტაბიანი და პატარა საპროტესტო აქციები, იქნება პიკეტირება. ყველაფერი იქნება, რისი უფლებაც კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული. ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ რადგან პარლამენტზე უარი ვთქვით, წავალთ და სახლებში დავჯდებით, ძალიან ცდებიან, ჩვენ პარლამენტზე ვთქვით უარი, მაგრამ მთელი პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს ქუჩაში“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.