ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნების“ შექმნილ საგამოძიებო კომისიას არ ვენდობით და მასში მონაწილეობას ვერ მივიღებთ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს, რადგან არჩევნების შემდეგ დიდი ხანია გასული და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ყველაფერი გადათეთრებულია. ამას გარდა, როგორც უდუმაშვილი ამბობს, ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და ვერც საგამოძიებო კომისიაში მიიღებენ მონაწილეობას.
„ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც ვითხოვდით, გახსნილიყო უბნები და გადათვლილიყო, ეს ხდებოდა უშუალოდ არჩევნების შემდეგ, დაიწერა ასეულობით საჩივარი და ათეულობით სარჩელი შევიდა სასამართლოში, არც ერთი ჩვენი საჩივარი, არც ერთი სარჩელი დაკმაყოფილებული არ იქნა. შესაბამისად, ბუნებრივია, მაშინ იყო დრო, რომ ჩვენ რეალურად, გამოგვეკვლია, თუ რა მოხდა არჩევნების ღამეს. ახლა, როდესაც ოთხი თვე გავიდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გადაათეთრა და გადააწიკწიკა, არანაირი აზრი არა აქვს უბნების გახსნას.
მით უმეტეს, როდესაც ახლა კიდევ ერთი მიზეზი, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში და ბუნებრივია, ვერ მივიღებთ ვერანაირ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას. არც ისე მეორეხარისხოვანი, ეს არის ნდობის საკითხი, ჩვენ არანაირად არ ვენდობით „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიას, რომელმაც საკუთარი ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიოს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეხლა არანაირი აზრი არ აქვს გადათვლას, შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას დაა ავტომატურად არანაირ საგამოძიებო კომისიაში არ ვიქნებით წარმოდგენილი. თუ ალეკო ელისაშვილის განცხადებით ვიმსჯელებთ, არც ის იქნება ამ საგამოძიებო კომისიაში წარმოდგენილი, ასე რომ, ახლა „ქართული ოცნება“ დაჯდეს და თვალოს რამდენიც უნდა საკუთარი ჩასწორებული ოქმები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.