ზაალ უდუმაშვილი - ქალბატონები ჩაამწკრივეს წინა რიგებში, შემდეგზე პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს
ქალბატონები ჩაამწკრივეს წინა რიგებში, შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ, პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და იმათ დააყენებენ? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქციაზე განაცხადა.
„ახლა ამათ ჰგონიათ, რომ ძალის დემონსტრირებას ახდენენ, სინამდვილეში ეს არის მათი სიმხდალის დემონსტრირება. დღეს ჩვენ გვყავს მხდალი და ლაჩარი ხელისუფლება. ქალბატონები ჩაამწკრივეს წინა რიგებში, შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ, პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და იმათ დააყენებენ? ამათ მახინჯ ფანტაზიას უკვე ზღვარი აღარ აქვს, მაგრამ არაუშავს ხალხო, ჩვენი სიძლიერით, ერთიანობით, ერთად დგომით დავით კირკიტაძეც გათავისუფლდება და საქართველოც აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
გურჯაანის რაიონული სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პარალელურად, სასამართლოს გარეთ ოპოზიცია აქციას მართავს. გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები უკვე შეიკრიბნენ.
შსს-ს ინფორმაციით, გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.