ზაალ უდუმაშვილი - ბოკერიას და მის პარტიას საკუთარი პრიორიტეტები აქვთ, ჩვენ ვერაფრით ვერ ავყვებით სხვა პარტიის პრიორიტეტებს
ბოკერიას და მის პარტიას საკუთარი პრიორიტეტები გააჩნიათ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, რომელთაც ყველანაირად დავიცავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „ევროპული საქართველოს“ კრიზისიდან გამოსვლის ათპუნქტიანი გეგმის შეფასებისას განაცხადა.
„ბოკერიას თავისი პრიორიტეტები გააჩნია და მის პარტიასაც. ჩვენ ვერაფრით ვერ ავყვებით სხვა პარტიის პრიორიტეტებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი და ბუნებრივია, მათ ყველანაირად დავიცავთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ის საპროტესტო ტალღა, რომელიც მიმდინარეობს, ემსახურება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს.
„ამის პარალელურად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც დღეს იმყოფება პუტინის ტყვეობაში. ყველა პარტია ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას, ამ ბრძოლაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, მაგრამ ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს საკითხი ყოველთვის იქნება პრიორიტეტული.
რაც შეეხება პარლამენტის დატოვება არ დატოვების საკითხს, ამ საკითხზეც ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას არა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვინდა თუ არა პარლამენტში ყოფნა, არამედ როგორი იქნება უკეთესი ბრძოლის გაგრძელებისთვის. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეს და ნამდვილად არ წარმოადგენს ჩვენთვის ისეთ ფუფუნებას, რომლის დათმობასაც არ ვგეგმავთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.