„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კრიზისიდან გამოსვლის 10-პუნქტიანი გეგმა მოამზადეს
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კრიზისიდან გამოსვლის 10-პუნქტიანი გეგმა მოამზადეს

„ევროპულ საქართველოში“ დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, გეგმა 10 პუნქტისგან შედგება:

1. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან ოპტიმალური გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნების მიღწევა და ამ არჩევნებში რეჟიმის დამარცხება;

2. მცდარი და საზიანოა გზავნილი, რომ არჩევნები გაუქმდა და მხოლოდ არასაარჩევნო გზით მივაღწევთ ცვლილებებს. ეს ამომრჩეველში უიმედობას იწვევს;

3. მცდარი, ალოგიკური და საზიანოა გზავნილი, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, კერძოდ სააკაშვილის განთავისუფლება, არის რეჟიმის დამარცხების წინაპირობა. რეალურად, საქმე პირიქითაა – პოლიტიკური დევნის შეჩერების გზა ივანიშვილის დასუსტებასა და დამარცხებაზე გადის;

4. მცდარი და საზიანოა რეჟიმის დასრულების ბოლო ვადების დათქმა და ზოგადად, არარეალისტური მოლოდინის შექმნა. საზოგადოების იმედგაცრუება რეჟიმს კვებავს;

5. მცდარი და საზიანოა ოპოზიცია მოქმედებდეს მესიანისტური და ეთნო-რელიგიური პოპულიზმით, მათ შორის – საპატრიარქოს პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მცდელობით. ამ გზით ივანიშვილის რეჟიმთან შეჯიბრი პრინციპულად მიუღებელია და პრაგმატულად უშედეგო;

6.ავტორიტარული რეჟიმის იძულებას, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, და შემდეგ, ამ არჩევნებში მის დამარცხებას, უბრალოდ უმრავლესობის მხარდაჭერა არ ყოფნის – ბევრად დიდი უმრავლესობა სჭირდება. არასაარჩევნო გზით, მშვიდობიანი რევოლუციით ცვლილებას – კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილის მზადყოფნა პერმანენტული პროტესტისთვის;

7. იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნამ ფართო სახალხო მხარდაჭერა შეიძინოს და ამავდროულად, დასავლეთისთვის ცხადი გახდეს კრიზისის სერიოზულობა, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიული პროცესის სიმულაცია არალეგიტიმურ პარლამენტში;

8. საპარლამენტო ოპოზიცია, მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად შევიდა. „ქართულმა ოცნებამ“, არსებითად, ყველა პირობა დაარღვია. ღიად რჩება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი. თუ წლის ბოლომდე პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები არ დაამტკიცა, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. ამ ნაბიჯის გარეშე, პროტესტი თანმიმდევრული ვერ იქნება. არათანმიმდევრულობა ჩვენთვის შეუძლებელს ხდის ოპოზიციის კოორდინირებულ საპროტესტო მოქმედებებს;

9. იმისათვის, რომ პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის საპროტესტო აქციებში, საზოგადოების სხვადასხვა შრე ჩაერთოს, ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა გაფართოვდეს და ის საკითხებიც მოიცვას, რაც პირდაპირ ეხება ჩვენ მოქალაქეებს უმართავი პანდემიისა და ორნიშნა ინფლაციის პირობებში. მხოლოდ ერთ საკითხზე ფოკუსირება პოლიტიკურ პროცესს ავიწროვებს და ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს;

10. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპოზიცია მოქმედებდეს დასავლური ღირებულებებით და დემოკრატიული დღის წესრიგით. ეს გახდება ამ რეჟიმის წინააღმდეგ, დასავლეთის წნეხის გაზრდის წინაპირობაც.