ზაალ გაჩეჩილაძე - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საფრთხეები ექნება, არის გამოწვევები, მაგრამ უფრო მეტი სიკეთეა
ზაალ გაჩეჩილაძე - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საფრთხეები ექნება, არის გამოწვევები, მაგრამ უფრო მეტი სიკეთეა

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საფრთხეები ექნება, გამოწვევები არის, მაგრამ უფრო მეტი სიკეთეა, ეს არის ასპროცენტიანი, – ამის შესახებ AI Lab-ის თანადამფუძნებელმა, ზაალ გაჩეჩილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მისი თქმით, ახლანდელი გენერაციული ხელოვნური ინტელექტი უფრო ათანაბრებს ადამიანებს, რადგან გვაძლევს საშუალებას, ჩვენთვის ყველაზე ბუნებრივი გამოხატვის საშუალებით ვუთხრათ რაღაც ტექნოლოგიას, რა გვინდა და ის ამას აკეთებს.

„დისბალანსს რაც შეეხება, ვინ დაკარგავს სამსახურს და ვინ არ დაკარგავს, ჩემი აზრით, ცოტა მარტივად უნდა წარმოვიდგინოთ. აქამდე რაც გვქონდა, იყო კომპიუტერი, გრაფიკული ინტერფეისი, სადაც თუ ვინმე რაღაცას აკეთებდა პროფესიულად, მას უნდა სცოდნოდა რაღაც კონკრეტული პროგრამა, დაემახსოვრებინა კონკრეტული ბრძანებები, თუ ის იყო პროგრამისტი, უნდა სცოდნოდა პროგრამირება და ა.შ. როდესაც დისბალანსზე ვსაუბრობთ, პირიქით, ახლანდელი გენერაციული ხელოვნური ინტელექტი უფრო ათანაბრებს ადამიანებს, რადგან გვაძლევს საშუალებას, ჩვენთვის ყველაზე ბუნებრივი გამოხატვის საშუალებით ვუთხრათ რაღაც ტექნოლოგიას, რა გვინდა და ის ამას აკეთებს, მოხუცი იქნება ეს თუ ახალგაზრდა, ამ ტექნოლოგიის ერა, ზუსტადაც რომ პირიქით, აბალანსებს ამ სიტუაციას. შესაბამისად, ის პრობლემა, ვინ დაკარგავს სამუშაოს და ვინ არ დაკარგავს, უფრო დაკარგვასთან არ უნდა დავაკავშიროთ, რადგან ეს ისევ და ისევ არის ინსტრუმენტი. ასეთ უტოპიურ სცენარამდე კიდევ ძალიან ბევრი გვაკლია. იმიტომ, რომ ეს არ არის ავტონომიური. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვეუბნებით, რა უნდა გააკეთოს და ის აკეთებს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ამასთან, გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ იმ აღქმებით, რაზეც მსოფლიოში საუბრობენ, რისკი უკავშირდება იმას, რომ ყოველთვის იარსებებენ ცუდი აქტორები, რომლებიც ამ ინსტრუმენტს ცუდი რაღაცის გაკეთებას ეტყვიან და ის ამას გააკეთებს.

„ამის საპირწონე არის, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გავაკეთოთ კარგი AI, ყველას ჰქონდეს ეს კარგი ხელოვნური ინტელექტი და შემოვიღოთ ისეთი რეგულაციები, რომლებიც გააკონტროლებს, რომ ცუდი რაღაცის გამკეთებელი AI არავინ გააკეთოს. ისევე, როგორც ეს უკავშირდება რამე იარაღის შექმნის საფრთხეებს, რომელიც ტრადიციულად კონტროლდება. რეალობა არის ინდუსტრიული, სხვადასხვა ქვეყანა ამ იარაღებს ერთმანეთში ყიდის და აკონტროლებენ ცუდ აქტორებს, რომლებიც გარკვეული იარაღის შესყიდვაში დაბლოკილი არიან“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, AI უფრო გვათანასწორებს და გვაახლოებს ერთმანეთთან განათლების დონითაც და უნარებითაც.

„მოხუცების გაზრდილ პოპულაციას დასჭირდება ბევრნაირი ინტერაქცია, ბევრნაირი სერვისი, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს AI-ის მეშვეობით – შეუკვეთოს და თავისი სავარძლიდან ადგომის გარეშე ნებისმიერი რაღაც გააკეთებინოს, იმის მიუხედავად, იცის თუ არა მაგალითად, Glovo-ს გამოყენება, მარტო ხმით. ასე რომ, ბევრი საკითხი, რაც უკავშირდება დისბალანსს და ასე შემდეგ, ცოტა გადაჭარბებული მგონია“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

AI Lab-ის თანადამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ, ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანი რაღაც ახალს იგონებს და ყოველთვის ესადაგება გარემოს.

„რომ ავიღოთ თუნდაც ასი წლის წინანდელი ადამიანი, გადმოვიყვანოთ თანამედროვეობაში და ვუთხრათ, რას ვაკეთებთ ყოველდღიურად, მაგალითად, თითოეული ჩვენგანი, ვინც აქ ვართ, ვერაფერს გაიგებს, ვერ მიხვდება და ვერ გაიმეორებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ახალს ვიგონებთ და ყოველთვის ვესადაგებით გარემოს, ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებიც უბრალოდ ეგუებიან იმ გარემოს, რომელშიც არსებობენ, ან ვერ, და გადაშენდებიან. ჩვენ ვქმნით ჩვენს გარემოს ამ ციფრულ სამყაროში. ვქმნით გარემოს და შემდეგ ვესადაგებით. ვქმნით იმიტომ, რომ გვინდა, ბევრი რამ უფრო იაფად და მარტივად ხდებოდეს. შეიძლება, ამას გაზარმაცება დავარქვათ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეკონომიკა ითხოვს ამას, რომ რაღაცები უფრო მარტივად და იაფად ხდებოდეს. შესაბამისად, ყველანაირი ინდუსტრიული რევოლუცია განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას. მოთხოვნა-მიწოდება კარნახობს ამას, რა უნდა გაკეთდეს. ყოველ ასეთ ინდუსტრიულ რევოლუციას, პროდუქტიულობის ახალ ეტაპზე გადასვლას ჰქონდა თავისი გამოწვევები, მაგრამ ყოველთვის მივესადაგეთ, ყოველთვის წინ წავედით და ყოველთვის უფრო უკეთესი და უკეთესი ცხოვრების სტანდარტი შევქმენით ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ამბავს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტი განათლებაში გაცილებით დიდ სიკეთეებს მოიტანს, ვიდრე ბეჭდური პრესის შემდეგ ნებისმიერი სხვა ტექნოლოგია, რაც აქამდე შექმნილა, რადგან ის აქაც გაათანაბრებს შესაძლებლობებს.

„მაგალითად, მივარდნილ სოფლებში, სადაც შეიძლება, უბრალოდ ვერ მონახო მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ასწავლის, შეიძლება, მისცე იმავე სტანდარტის განათლება, როგორსაც ბავშვები ნებისმიერ სხვა ქალაქში თუ ქვეყანაში მიიღებდნენ. მთავარია, გვქონდეს ჩვენი საკუთარი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენს ენაზე იმუშავებს და არ იქნება სხვა ქვეყნის სერვისი, რომელიც ისეთ ენაზე გველაპარაკება, რომელიც ჩვენი არ იქნება. მან შეიძლება, ისეთი იდეოლოგია შემოიტანოს და ელაპარაკოს ჩვენს პოპულაციას, რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვაწყობს“, – განაცხადა ზაალ გაჩეჩილაძემ.