ზაალ ჩაჩავა - შესაძლოა, ქუთაისში ახალი, 25-ათასიანი სტადიონი აშენდეს
ზაალ ჩაჩავამ პირველ არხთან დაადასტურა, რომ ქუთაისის „ტორპედოსა“ და ჩინელმა ბიზნესმენების პარტნიორობა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და უახლოეს პერიოდში გუნდში სოლიდური ინვესტიცია განხორციელდება.
ქუთაისური კლუბის პრეზიდენტმა კომპანია „ჰუალინგ ჯგუფი“ კლუბით წელს დააინტერესა, აპრილში დაწყებული მოლაპარაკება კი დასასრულს უახლოვდება.
„ტორპედოს“ პრეზიდენტს პირველი არხი ესაუბრა.
„სავარაუდოდ, ჩინურ ჯგუფთან მოლაპარაკებები ჩვენი პარტნიორობით დასრულდება. ამის შესახებ წინასწარი შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ გარკვეული დეტალების შეთანხმება დარჩა. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ჩინური ჯგუფი „ტორპედოს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდება. რა თანხის დაბანდებაზეა საუბარი, ამას ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ ეს სოლიდური ციფრები იქნება”, – ამბობს ჩაჩავა.
მისი თქმით, საუბარია სამწლიანი პროექტის განხორციელებაზე.
„ამ პროექტის განხორციელებით გუნდი ფინანსურად, სტრუქტურულად და ინფრასტრუქტურით საგრძნობლად მოღონიერდება. სხვათა შორის, “ჰუალინგ ჯგუფი” ორ ვარიანტს განიხილავს – რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისა და საღორიას ბაზის გამოსყიდვას. მეორე ვარიანტი ესაა – ჩინური ჯგუფი დაინტერესდა, რომ ქუთაისში ტერიტორია მოვიძიოთ, სადაც ახალი ბაზა და სტადიონი აშენდება, რომელიც 25 ათას მაყურებელს დაიტევს”,- განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.