„ტორპედოს“ მწვრთნელი და პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფენ - გარიგებულ თამაშებზე არასოდეს გვისაუბრია
„ტორპედოს“ მწვრთნელი და პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფენ - გარიგებულ თამაშებზე არასოდეს გვისაუბრია

დღეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ქუთაისის „ტორპედოში“ მისვლისას, კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, კახა ჩხეტიანს თამაშების გარიგების წინადადებით მიმართა.

ორივე მათგანმა კლუბის ოფიციალურ გვერდზე კომენტარი გააკეთა და ეს ბრალდება უარყო.

„ტელეკომპანიის ეთერში დღეს ერთ-ერთი სპორტული ჟურნალისტის მიერ, რომელიც გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეული, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. პათოსი ასეთი იყო – კლუბში მისვლისას მე, ზაალ ჩაჩავამ, გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს მატჩების გარიგების წინადადებით მივმართე. აბსურდული ბრალდების უპასუხოდ დატოვებას ნამდვილად არ ვაპირებ. უახლოეს დღეებში საჭირო პირებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ვაპირებ ჟურნალისტს ცილისწამებისთვის ვუჩივლო. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და აზრადაც კი არ მომსვლია კახა ჩხეტიანისთვის ოდესმე ეს მეთქვა. სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანები ცდილობენ თავისი პროვოკაციებით იმიჯი შეულახონ როგორც კლუბებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, ასევე სფფ-ს დიდ შრომას” – აცხადებს ზაზა ჩაჩავა.

„გადაცემის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ზაალ ჩაჩავამ კლუბში მოსვლის შემდეგ მატჩების გარიგება შემომთავაზა, რაზეც, მისი თქმით, ჩემგან უარი მიიღო. ლოგიკურია, რომ ამ ბრალდებას და ცილისწამებას უპასუხოდ ვერ დავტოვებდი. მსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა – ზაალ ჩაჩავას ჩემთვის მატჩების გარიგება არ შემოუთავაზებია! უფრო მეტიც, ის არასდროს ჩარეულა ე.წ. საფეხბურთო საკითხებში, იქნებოდა ეს ფეხბურთელის მოყვანა/გაშვება, შემადგენლობის დაყენება თუ სხვა“,- აცხადებს კახა ჩხეტიანი.