ჩაჩავას მომავალი „ტორპედოში“ ერთ კვირაში გაირკვევა
ჩაჩავას მომავალი „ტორპედოში“ ერთ კვირაში გაირკვევა

ქუთაისის „ტორპედოში“ ზაზა ჩაჩავას წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა საქართველოს პირველ არხთან არაოფიციალურად ეს ცნობა არ დაადასტურეს.

როგორც შევიტყვეთ, ერთ კვირაში, შესაძლოა, ჩაჩავამ კლუბი დატოვოს. საქმე ისაა, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მეპატრონემ გუნდის დატოვების სურვილი ორიოდე დღის წინ გამოთქვა, მაგრამ ჯერ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და გადაწყვეტილებას ერთი კვირის ვადაში მიიღებს. ამ პერიოდში ჩინელი ინვესტორების დაბრუნებაზე საბოლოო პასუხს მიიღებს და ამის შემდეგ გადაწყდება, დაუბრუნებს თუ არა „ტორპედოს“ ქუთაისის მერიას, რომლისგანაც საჯარო აუქციონზე კლუბი 2017 წელს 300 ათას ლარად შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ჩაჩავამ ევროთასებზე „ტორპედოს“ თამაშებამდეც განაცხადა, რომ ბიუჯეტს შეამცირებდა. ამას მოჰყვა ქუთაისის მერიასთან „ტორპედოს“ გულშემატკივრთა აქცია, რომლის მონაწილეებიც ჩაჩავას გადადგომას და გუნდის ბირთვის შენარჩუნებას ითხოვდნენ. ფეხბურთელები, რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ, იმით დაამშვიდეს, რომ „ტორპედოში“ ჩინელი სპონსორი ბრუნდებოდა.

საბოლოოდ, ეს იმედები არ გამართლდა და გუნდში კიდევ უფრო მძიმე პროცესები განვითარდა – ქუთაისური გუნდიდან წამყვან მოთამაშეთა ბირთვი წავიდა და მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი, იძულებული გახდა, სრულიად ახალი შემადგენლობა ჩამოეყალიბებინა. თუმცა, შემცირებული ბიუჯეტის მიუხედავად, გუნდის ფინანსური პრობლემები დღემდე არ მოგვარებულა.