ქუთაისის მერიის წინ, „ტორპედოს“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ქუთაისის მერიის წინ, „ტორპედოს“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„შორს ბინძური ხელების „ტორპედოსგან“ – ასეთი სლოგანით ქუთაისში მერიის შენობის წინ, კლუბის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

გუნდის ფანკლუბის წევრები „ტორპედოს“ დაშლის საფრთხეზე საუბრობენ და მომხდარში გუნდის პრეზიდენტს ზაალ ჩაჩავას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ზაალ ჩაჩავას პირობებში „ტორპედო“ განვითარების ნაცვლად, იშლება. გუნდის გულშემატკივრების თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს თუ რაში დაიხარჯა გუნდის ბიუჯეტი.

„მოვითხოვთ, დროულად გაუშვან ზაალ ჩაჩავა და დაიწყოს გამოძიება, რამდენად სწორად დაიხარჯა თანხები. მოვუწოდებთ, ეკონომიკის სამინისტროს ჩაერიოს პროცესებში და მოხდეს ახალი ინვესტორების მოყვანა, ვიდრე გუნდი მთლიანად დაიშალა, ამ შემადგენლობითაც რთულია თამაში და კიდევ, რომ წავლენ ფეხბურთელები გვიანი იქნება“, – განაცხადა აქციის მონაწილემ დათო მენთეშაშვილმა.

მათ, ასევე მოუწოდეს მერიას მეტად დაინტერესდეს არსებული პრობლემებით და გამოუცხადოს თანადგომა „ტორპედოს“. გულშემატკივრები პრობლემის მოგვარებამდე დაშლას არ აპირებენ. „ტორპედოში“ არსებული პრობლემების გამო გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა.

აქციის მონაწილეებს ქუთაისის მერი შეხვდა.

„ტორპედოს“ გულშემატკივრების პრეტენზიები არის სამართლიანი. ქუთაისს სჭირდება ძლიერი გუნდი და ისეთი „ტორპედო“ როგორიც ეკადრება ჩვენს ქალაქს. დღეს, მე მქონდა გუნდის ხელმძღვანელებთან საუბარი, ისინი დაგვპირდნენ რომ სამ დღეში, ორი თვის ხელფასს ჩაურიცხავენ ფეხბურთელებს. იმედია ყველაფერი დალაგდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავიწყებთ უკვე მოქმედებას“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.