ყველაფერი რაც Brexit-ზე უნდა იცოდეთ
ყველაფერი რაც Brexit-ზე უნდა იცოდეთ

დიდმა ბირტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად მიიღო. ევროგაერთიანების დატოვება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ის, შესაძლოა, ორიდან ექვს წლამდე გაგრძელდეს.

რატომ ტოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყნის ეკონომიკას და როგორ გააგრძელებს ევროკავშირი არსებობას დიდი ბრიტანეთის გარეშე – წაიკითხეთ Brexit-ის პროცესის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი.

 

 

რას ნიშნავს Brexit

სიტყვა Brexit მსოფლიო პოლიტიკის ლექსიკონებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. სიტყვის შემადგენლობაში Br – დიდი ბრიტანეთის ინიციალებია – Brexit, მომდევნო ასოები – exit – ინგლისური სიტყვაა და ის ქართულად „დატოვებას“ ნიშნავს. ამ ორი კომპოზიტის შეერთებით მიიღეს Brexit, რაც მოკლედ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ნიშნავს.

 

რატომ ტოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს

დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ – 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო.

ინგლისში Brexit-ს მხარი დაუჭირა 53.4%-მა, ხოლო წინააღმდეგი იყო 46.6%. ევროკავშირიდან გასვლას უელსის მოსახლეობის 52.5%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი 47.5% იყო. შოტლანდიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ არჩევანი ევროგაერთიანებაში დარჩენაზე გააკეთეს.

Brexit-ის მომხრეების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ მათი აზრით, ევროკავშირი ბიზნესისთვის ძალიან ბევრ წესს ადგენს, ხოლო დიდ ბრიტანეთს იმაზე მეტის დახარჯვა უწევს, ვიდრე სარგებელს იღებს ამ ურთიერთთანამშრომლობიდან. გარდა ამისა, მათი სურვილია, დიდმა ბრიტანეთმა საკუთარი კანონმდებლობით იხელმძღვანელოს.

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მომხრეთათვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მიგრაცია. მათი სურვილია, ბრიტანეთმა საზღვრებზე სრული კონტროლი დაიბრუნოს და შეამციროს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ან სამუშაოდ ჩადიან.

 

რა შეიცვალა ბრიტანეთის მთავრობაში რეფერენდუმის შემდეგ

რეფერენდუმის შემდეგ, დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერმინისტრი – ტერეზა მეი ჰყავს. მან ეს თანამდებობა დევიდ კემერონის გადადგომის შემდეგ დაიკავა, რომელიც რეფერენდუმამდე ამბობდა, რომ თუ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს დაუჭერდა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას, თანამდებობას დატოვებდა.

კემერონის მსგავსად, ევროკავშირის დატოვებას არ ემხრობოდა ტერეზა მეი, თუმცა, როგორც BBC წერს, ის არასდროს გამოირჩეოდა ევროკავშირის მხარდამჭერი მკვეთრი განცხადებებით.

რეფერენდუმამდე ტერეზა მეი Brexit-ის ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ახლა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას მხარს უჭერს, ვინაიდან ამბობს, რომ ეს ბრიტანელების გადაწყვეტილებაა.

 

რატომ დანიშნა ტერეზა მეიმ არჩევნები

ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დევიდ კემერონის გადადგომის შემდეგ დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხელისუფლების სათავეში არჩევნების გზით არ მოსულა. თავდაპირველად, მეი აცხადებდა, რომ დაელოდებოდა მომდევნო არჩევნებს, რომელიც, წესით, 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო. ის ფიქრობდა, რომ დიდ ბრიტანეთს სჭირდებოდა სტაბილურობის რამდენიმე წელი, რათა რეფერენდუმის შედეგები აღესრულებინა.

თუმცა, ყველასგან მოულოდნელად, მან აზრი შეიცვალა და საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის 8 ივნისს დანიშნა.

BBC წერს, რომ ტერეზა მეის გადაწყვეტილება უკავშირდება მის სურვილს, უფრო მეტად განიმტკიცოს ძალაუფლება Brexit-ის მოლაპარაკებების პროცესში. მედიასაშუალების ცნობით, ტერეზა მეი შიშობს, რომ მშრომელთა პარტია და სხვა ოპოზიციური ძალები შეეცდებიან, დაბლოკონ მისი სტრატეგია და ევროპელი ლიდერების თვალში წარმოაჩინონ, რომ ქვეყანა ორ ნაწილად არის გაყოფილი, ხოლო პრემიერ-მინისტრის მთავრობა სუსტია.

 

რა მოხდება, თუ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება

Brexit-ის პროცესი გაგრძელდება, თუ 8 ივნისს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებს მშრომელთა პარტია მოიგებს.

ლიბერალ-დემოკრატები „ძლიერ Brexit“-ს ეწინააღმდეგებიან და პირობას დებენ, რომ მეორე რეფერენდუმს დანიშნავენ.

შოტლანდიის ეროვნული პარტიის ლიდერი ნიკოლა შტურგეონი ითხოვს, რომ Brexit-ის პროცესის დასრულებამდე მეორე რეფერენდუმი ჩატარდეს.

 

არის თუ არა შესაძლებელი მეორე რეფერენდუმის დანიშვნა

განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან როგორც კონსერვატორები, ისე ლეიბორისტული პარტია მიჩნევენ, რომ მეორე რეფერენდუმის ჩატარება დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ეს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის არჩევანის უპატივცემულობა იქნება, რომელმაც ევროკავშირიდან გამოსვლას დაუჭირა მხარი.

ლიბერალ-დემოკრატები პირობას დებენ, რომ მეორე რეფერენდუმს ჩაატარებენ.

 

როდის დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს

50-ე მუხლი არის გეგმა ევროკავშირიდან გასვლის მსურველი ნებისმიერი ქვეყნისათვის. ის შეიქმნა ლისაბონის საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში 2009 წელს. მანამდე ევროკავშირიდან გასვლის ფორმალური მექანიზმი არ არსებობდა.

50-ე მუხლის თანახმად, თუ ქვეყანა ევროკავშირიდან გასვლას გადაწყვეტს, ამის შესახებ უნდა შეატყობინოს ევროპის საბჭოს და ევროგაერთიანების დატოვებაზე მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს ევროკავშირთან, რასაც შეთანხმების მისაღწევად ორი წელი სჭირდება, თუ მანამდე ყველა წევრი სახელმწიფო არ შეთანხმდება, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცესის ვადები გახანგრძლივდეს.

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის დროის ათვლა 2017 წლის 29 მარტს დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს.

თუმცა, როგორც BBC წერს, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ „ბრექსიტის“ დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰემონდი ამბობს, რომ პროცესი, შესაძლოა, ექვს წელს გაგრძელდეს.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოსვლამდე, ვალდებულია, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, თუმცა უფლება აღარ აქვს, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთოს.

 

Brexit-ის პროცედურა

1. 29 მარტს დიდმა ბრიტანეთმა 50-ე მუხლით სარგებლობა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან გასვლის ორწლიანი ვადის ათვლა დაიწყო.

2. 29 აპრილს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა იწყებს მსჯელობას Brexit-ის საკითხზე

3. დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის იწყება მოლაპარაკებები, შეთანხმების პირველი ვერსია წარედგინება ევროპის საბჭოს, ხოლო რატიფიცირებისათვის ევროპის პარლამენტს.

4. მოლაპარაკებების ორწლიანი ვადა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა თანახმა იქნება.

5. ბოლო ეტაპი იქნება დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება.

 

რა ხდება ბრიტანეთის ეკონომიკაში ახლა და რა მოხდება Brexit-ის შემდეგ

დევიდ კემერონი, მისი კანცლერი ჯორჯ ოსბორნი და მთავრობის სხვა წამყვანი ფიგურები, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენა სურდათ, წინასწარმეტყველებდნენ, რომ Brexit-ი დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვან ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევდა. აქციების ფასები დაეცემოდა, უმუშევრობის დონე აიწევდა და სერიოზული საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელება გახდებოდა საჭირო.

რეფერენდუმის ჩატარებიდან მეორე დღეს ბრიტანული ვალუტა დოლართან მიმართებით 15%-ით, ხოლო ევროსთან მიმართებით 10%-ით გაუფასურდა. სავალუტო რყევების მიუხედავად, კემერონისა და მისი თანამოაზრეების პროგნოზი ბოლომდე არ გამართლდა, ვინაიდან ბრიტანეთის ეკონომიკამ 1.8%-იანი ზრდის მაჩვენებელი შეინარჩუნა, რითაც G7-ის წამყვან ინდუსტრიულ სახელმწიფოებს შორის, მხოლოდ გერმანიას ჩამოუვარდებოდა, რომლის შემთხვევაშიც ეს მონაცემი 1.9%-ს უტოლდებოდა.

თებერვალში ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ნიშნული იყო, თუმცა ამის პარალელურად, დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის მაჩვენებელი მცირდებოდა.

ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იმპორტირებულ საქონელზე ფასი გაიზრდება და ეს შეეხება როგორც ტანსაცმელს, ასევე საკვებ პროდუქტებს.

 

დარჩება თუ არა ბრიტანეთი ერთიან ბაზარზე და რას ნიშნავს ერთიანი ბაზარი

ერთიანი ბაზარი ევროკავშირის ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევა. დიდი ბრიტანეთი ერთიანი ბაზრის წევრობამდე თავისუფალი სავაჭრო სივრცის წევრი იყო.

თავისუფალი სავაჭრო სივრცე ნიშნავს იმას, რომ მისი წევრი სახელმწიფოები ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ტარიფების გადახდის გარეშე შეძლებენ, მაგრამ ეს არ არის ერთიანი ბაზარი, სადაც მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკა ერთ მთლიანობად აღიქმება.

ევროპის კავშირის ერთიანი ბაზარი 1992 წელს შეიქმნა და ის საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, რომ საქონლის, სხვადასხვა სერვისების, ფულისა და ხალხის მიმოსვლა განხორციელდეს, თითქოს ეს ყველაფერი ერთ სახელმწიფოში ხდებოდეს. ერთიანი ბაზრის წევრ სახელმწიფოებში, მოქალაქეებს შეუძლიათ, სამუშაო ადგილები ნებისმიერ ქვეყანაში ეძებონ და დასაქმდნენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ერთიან ბაზარზე ქვეყნის დარჩენას გამორიცხავს.

 

რა ბედი ელით დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებს და პირიქით

კონსერვატორებმა მკაცრად უარყვეს დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეებისათვის სტატუსის მინიჭებაზე მტკიცე გარანტიების მიცემა. მათი თქმით, ეს შეუძლებელი იქნება, თუ ევროკავშირიც არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ევროკავშირის ზონაში მცხოვრები ბრიტანეთის მოქალაქეებისათვის.

რაც უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში მუდმივი მოქალაქეობის უფლება აქვთ, გავლენას ვერაფერი მოახდენს.

რაც ეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცხოვრებ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, მათი ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის შეთანხმება იქნება მიღწეული დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის „გაყრის“ პროცესში.

თუ ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის დასაქმების უფლების მინიჭებაზე შეზღუდვებს დააწესებს, რასაც შესაბამისი პასუხი მოყვება ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების მხრიდან, გამოვა, რომ ბრიტანელებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში დასასაქმებლად სამუშაო ვიზა დასჭირდებათ.

 

შეეძლება დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში დაბრუნება

BBC-ის ევროპული ბიუროს რედაქტორი კატია ადლერი ამბობს, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში დაბრუნებას გადაწყვეტს, მაშინ ევროგაერთიანების წევრი ყველა ქვეყნის მხარდაჭერა დასჭირდება.

 

გამოიყენებს თუ არა ევროკავშირი ინგლისურს სასაუბრო ენად

კატია ადლერი აცხადებს, რომ ევროკავშირი ისევ გამოიყენებს ინგლისურს სასაუბრო ენად, ვინაიდან ევროგაერთიანების წევრ 27-ვე ქვეყანაში და ასევე წევრობის მსურველ ქვეყნებში უფრო მეტად ინგლისურის გამოყენების ტენდენციაა, ვიდრე ფრანგულის.

 

წყარო: BBC