მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებაში ეჭვმიტანილი დააკავა
მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებაში ეჭვმიტანილი დააკავა

დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებაში ეჭვმიტანილი დააკავა. როგორც „ბიბისი“ წერს, 68 წლის ჰოვარდ ფილიპსი ლონდონის ცენტრში დააკავეს და ის სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცის სახლში უკვე ჩაატარეს ჩხრეკა. ჰოვარდ ფილიპსი დიდ ბრიტანეთში ახლახან ამოქმედებული „ეროვნული უსაფრთხოების აქტის“ ფარგლებში დააკავეს, რომელიც პოლიციას აძლევს უფლებას, სასამართლოს ორდერის გარეშე დააკავონ ნებისმიერი პირი, თუ არსებობს „გონივრული ეჭვი“, რომ ის „უცხოური ძალის საფრთხის შემცველ აქტივობაში მონაწილეობს“.

პოლიციას საქმის სხვა დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებია. ბრალდება, რომლითაც მამაკაცი დააკავეს, ასევე მოიცავს „უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მატერიალურ მხარდაჭერას“.

ცნობისთვის, აპრილში დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული ორი პირი დააკავეს, რომელთაც ლონდონში, უკრაინულ ბიზნესთან დაკავშირებულ შენობაში ცეცხლის გაჩენაში დასდეს ბრალი.