როგორც ჩანს, „აიფონის“ ყოველწლიურ ღონისძიებაზე „ეფლი“ სულ უფრო და უფრო ნაკლებ სიურპრიზს გვთავაზობს. გამონაკლისი არც ეს წელი ყოფილა. გუშინდელ ღონისძიებაზე ჩვენ ვიხილეთ სამი ახალი „აიფონი“ და „ეფლ ვოტჩი“. გარდა ამისა, მივიღეთ გარკვეულწილად ახალი და საინტერესო ცნობები კომპანიის მომავლის შესახებაც.
როგორც მოსალოდნელი იყო, წარმოდგენილი ახალი სმარტფონებია „აიფონ 11“ და ორი სხვადასხვა ზომის „აიფონ 11 პრო“. ყველა მათგანს აქვს ახალი ფართოკუთხიანი კამერები. ახალი „ეფლ ვოტჩი“ თითქმის ძველის იდენტურია, მაგრამ ამჯერად მას მუდმივად ჩართული ეკრანი აქვს. კომპანიამ ასევე წარმოადგინა ახალი „აიპადი“, რომელიც ძველზე ოდნავ უკეთ გამოიყურება. ასევე შევიტყვეთ, რა ეღირება „ეფლის“ ახალი ვიდეოსტრიმინგისა და ვიდეოთამაშების სერვისები.
თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მომავალ წელს, ამ ღონისძიებაზე „ეფლი“ თავის ახალ „აიფონში“ 5G ტექნოლოგიას წარმოადგენს.
აიფონ 11
„აიფონ 11“-მა „აიფონ XR“ ჩაანაცვლა. XR-ის მსგავსად, მასაც ანოდირებული ალუმინის კორპუსი და 6,1-ინჩიანი თხევადი რეტინა LCD დისპლეი აქვს. მოწყობილობის უკანა მხარეს შენიშნავთ ახალ, ორმაგი კამერის სისტემას, რომელიც მოიცავს 12-მეგაპიქსელიან Ultra Wide კამერასა და 12-მეგაპიქსელიანი ჩვეულებრივ Wide კამერას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „აიფონ 11“-ს 2X ოპტიკური ზუმი აქვს. კვადრატის ფორმის კამერის მოდულში ასევე ნახავთ ახალ, უფრო კაშკაშა True Tone ფლეშ-განათებას.
განახლებულ კამერის სისტემას უპირატესობას ასევე ანიჭებს ახალი, უფრო მძლავრი A13 ბიონიკური პროცესორი. „ეფლის“ განცხადებით, მას 20 პროცენტით უკეთესი წარმადობა აქვს ენერგიის დამუშავების, გრაფიკისა და ნერვული დამუშავების მხრივ, ვიდრე A12 ჩიპს. ამის გამო, ფოტოს დამუშავების ახალი მახასიათებელი, სახელად Deep Fusion გვთავაზობს ულტრა-მკვეთრ სურათებსა და ახალ ღამის რეჟიმს, რომელიც როგორც ჩანს, „გუგლ პიქსელის“ ღამის რეჟიმის დიდი კონკურენტი გახდება.
„ეფლმა“ ასევე გააუმჯობესა სმარტ HDR მახასიათებელი, რომელიც უფრო კაშკაშა ფერებს უზრუნველყოფს. „აიფონ 11“-ს ასევე ექნება სახის ამომცნობი, რომელიც „ეფლის“ განცხადებით უფრო სწრაფია და უფრო დახრილი კუთხეებიდანაც მუშაობს.
ამას გარდა, მოდელი აღჭურვილია ულტრა-ფართოზოლოვანი U1 ჩიპით, რომელიც აუმჯობესებს მოწყობილობის სივრცულ ინფორმირებულობას. რაც შეეხება ბატარეას, მისი მუშაობის ხანგრძლივობა 17 საათს შეადგენს და ასევე აქვს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია, რისთვისაც სპეციალური ადაპტერის ყიდვა ცალკე მოგიწევთ.
„აიფონ 11“ ექვს სხვადასხვა ფერში იქნება წარმოდგენილი — შავი, მწვანე, ყვითელი, იისფერი, წითელი და თეთრი. მეხსიერების მაჩვენებლები 64, 128 და 256 გიგაბაიტია.
ფასი 700 დოლარიდან იწყება. წინასწარი შეკვეთების მიღება 13 სექტემბრიდან არის შესაძლებელი, მიწოდება კი 20 სექტემბრიდან დაიწყება.
აიფონ 11 პრო
„აიფონ 11 პრო“-მ ხაზში „აიფონ XS“ ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელის მსგავსად, „აიფონ 11 პრო“-ს აქვს უჟანგავი ფოლადის კორპუსი და 5,8-ინჩიანი OLED დისპლეი. „ეფლის“ განცხადებით, მინა ამ დრომდე არსებულთა შორის ყველაზე მყარია.
„აიფონ 11“-ის მსგავსად, ტელეფონის უკანა მხარეს აქაც განთავსებულია უფრო დიდი, კვადრატის ფორმის კამერის მოდული სრულიად ახალი, Ultra Wide კამერით. სამივე 12-მეგაპიქსელიანი კამერა ჯამში 4X ოპტიკურ ზუმს იძლევა, ფოკუსის სიგრძე კი 13-52 მილიმეტრია.
მიუხედავად გაუმჯობესებული კამერის სისტემისა და ოდნავ განსხვავებული დიზაინისა, „აიფონ 11 პრო“-ს მრავალი იგივე სპეციფიკაცია აქვს, რაც „აიფონ 11“-ს. ისიც აღჭურვილია იმავე A13 ბიონიკური პროცესორით. გარდა ამისა, „ეფლი“ აცხადებს, რომ „აიფონ 11 პრო“-ს ბატარეა ოთხი საათით მეტხანს გაძლებს, ვიდრე „აიფონ XS-ის“ ბატარეა. მსგავსად აიფონ 11“-სა, სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია „აიფონ 11 პრო“-საც აქვს. თუმცა, ამ შემთხვევაში ადაპტერის ცალკე ყიდვა არ მოგიწევთ, ის ყუთში დაგხვდებათ.
წინასწარი შეკვეთების მიღება 13 სექტემბრიდან არის შესაძლებელი, მიწოდება კი 20 სექტემბრიდან დაიწყება.
აიფონ 11 პრო“ ოთხ სხვადასხვა ფერში იქნება წარმოდგენილი — ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, და ე. წ. შუაღამის მწვანე. შარშანდელი მოდელის მსგავსად, მეხსიერების მაჩვენებლები 64, 256 და 512 გიგაბაიტია. ფასი 1000 დოლარიდან დაიწყება.
„აიფონ 11“-ის დიდი ვერსია „ეფლმა“ „აიფონ 11 მაქსის“ სახელით წარმოადგინა. მონაცემები იდენტურია, ერთადერთი განსხვავება 6,5-ინჩიანი ეკრანი და ბატარეაა, რომელიც ერთი საათით უფრო მეტხანს ძლებს. მისი ფასი 1100 დოლარიდან დაიწყება.
ეფლ ვოტჩ 5-სერია
„ეფლ ვოტჩ 5-სერია“ აღჭურვილია ორი განახლებული აპარატურული უზრუნველყოფით — ყოველთვის ჩართული რეტინის დისპლეით და ჩაშენებული კომპასით. ეკრანი იყენებს ახალ, დაბალი ტემპერატურის პოლიკრისტალურ ოქსიდურ (LTPO) OLED დისპლეის, რომელიც დინამიკურად რეფრეშდება 1 და 60 ჰერცებზე. როდესაც თქვენი მკლავი დაბლაა დაშვებული, იგი ბნელდება, რათა ბატარეა დაზოგოს, მაგრამ ხილული რჩება გარკვეული საკვანძო მახასიათებლები. „ეფლის“ განცხადებით, მასაც იგივე 18-საათიანი ბატარეა აქვს, რაც 4-სერიის საათს.
საათში ჩაშენებულია კომპასის ახალი აპლიკაცია, რომელიც დიდად გამოგადგებათ ლაშქრობისას ან უკიდურესად რთულად სანავიგაციო სავაჭრო ცენტრებში.
„ეფლ ვოტჩ 5-სერიის“ ალუმინის ქეისის მქონე ვერსიის ფასი 400 დოლარიდან დაიწყება, ტიტანის 800 დოლარიდან, კერამიკის კი 1300 დოლარიდან.
აღსანიშნავია, რომ ახალი საათის სარეკლამო კლიპის ზოგიერთ ეპიზოდში ხუთი ქართველი მსახიობი ჩანს. მათი მონაწილეობა შესაძლებელი გახდა ქასთინგის ორგანიზებაში ქართული კომპანია „მეტრო პროდაქშენისა“ და „ეფლის“ თანამშრომლობის შედეგად.
ახალი იაფი აიპადი
როგორც იქნა, „ეფლმა“ იაფი „აიპადიც“ წარმოადგინა. მეექვსე თაობის 9,7-ინჩიან მოდელს ჩაანაცვლებს განახლებული მოდელი 10,2-ინჩიანი რეტინის დისპლეით. „ეფლის“ ჭკვიანი კონექტორის დამატების შედეგად, საწყისი დონის მოდელი ახლა უფრო მეტი სახის კლავიატურასთან და აქსესუართან არის თავსებადი. მრავალ ახალ მახასიათებელს ასევე მოიტანს მომავალი აიპად OS, მათ შორის იქნება გარე მეხსიერებისა და ფლეისთეიშენის „ჯოისტიკების“ შეერთების შესაძლებლობა.
მიუხედავად „ეფლის“ განცხადებისა, რომ ახალი აიპადი ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ვინდოუს კომპიუტერზე (მოდელი არ დაუსახელებია) ორჯერ სწრაფი იქნება, სინამდვილეში, ახალი მოწყობილობის აპარატურული უზრუნველყოფის ზოგიერთი მხარე ძველია. მაგალითად, მასში ჩამონტაჟებული A10 Fusion პროცესორი 2016 წელს, „აიფონ 7“-თან ერთად არის გამოსული. არაფრით გამოირჩევა ახალი აიპადის ერთი 8-მეგაპიქსელიანი კამერაც. მოწყობილობა აღჭურვილია მხოლოდ თითის ანაბეჭდის სენსორით, ვერ ნახავთ აიპად პროში არსებულ სახის ამოცნობის სისტემას.
იაფი აიპადის Wi-Fi მოდელების ფასი 330 დოლარიდან დაიწყება, სიმ-ბარათის მხარდაჭერის მქონე მოდელების კი 460 დოლარიდან. ახალი აიპადი ხელმისაწვდომი 30 სექტემბრიდან გახდება.
მომზადებულია Gizmodo-ს მიხედვით.