ეფლმა აიფონ 12 წარმოადგინა — რა სიახლეებს ვიხილავთ უახლეს სმარტფონში
ეფლმა აიფონ 12 წარმოადგინა — რა სიახლეებს ვიხილავთ უახლეს სმარტფონში

მართალია, პანდემიის გამო ცოტა გვიან, მაგრამ „ეფლმა“ დღეს ახალი აიფონ 12 წარმოადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალ სმარტფონს 5G მხარდაჭერა ექნება. გარდა ამისა, „ეფლის“ უახლესი სმარტფონი ხელმისაწვდომია რამდენიმე სხვადასხვა ზომაში.

შემდეგი თაობის მობილური კავშირი სმარტფონის მთავარი მახასიათებელია. რა თქმა უნდა, „ეფლი“ ნამდვილად არ არის პირველი კომპანია, რომელმაც მოწყობილობას 5G მხარდაჭერა მისცა, მაგრამ შეიძლება მიღწევად ჩავთვალოთ, თუ გავითვალისწინებთ ურთულეს წელს მსოფლიოში. უახლესი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში გამოსულ სმარტფონთა მხოლოდ 13 პროცენტს ჰქონდა 5G მხარდაჭერა.

კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა სპეციალურ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ 5G მხარდაჭერა დღეს წარმოდგენილ ყველა ახალ მოდელს ექნება.

როგორც მოსალოდნელი იყო, აიფონების ხაზის დიზაინი სრულიად განახლებულია; გარკვეული დეტალები აღებულია iPad Pro-დან, მათ შორის, ბრტყელი კიდე, რომლითაც ის ძველ მოწყობილობებს უფრო წააგავს, ვიდრე ახალ, მრუდე კიდეების მქონე მოდელებს. გარდა ამისა, ახალი აიფონი წინამორბედზე 11 პროცენტით უფრო თხელია. ახალმა დიზაინმა კომპანიას მოწყობილობის კიდეებში კიდევ უფრო მეტი ანტენის ჩაშენების საშუალება მისცა.

დისპლეის Corning მინა ფარავს. „ეფლის“ განცხადებით, მათ Gorilla Glass-ის შემქმნელთან უშუალოდ იმუშავეს, რათა შეექმნათ ახალი კერამიკული დამცავი, რომელიც დაახლოებით ექვსჯერ უფრო გამძლე აღმოჩნდა დავარდნის ტესტებში. სმარტფონს აქვს OLED დისპლეი პიქსელების გაორმაგებული რაოდენობით აიფონ 11-თან შედარებით.

სმარტფონი აღჭურვილია უკვე დაანონსებული A14 ბიონიკური ჩიპით. „ეფლის“ სილიციუმის პროცესორს ცენტრალურ პროცესორში (CPU) ექვსი ბირთვი აქვს, გრაფიკულ პროცესორში (GPU) კი ოთხი. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო ზრდის მობილური თამაშების შესაძლებლობებს.

საბაზისო აიფონ 12-ს აქვს ორმაგი მთავარი კამერა 12-მეგაპიქსელიანი ფართო და ულტრაფართო ლინზებით. მოწყობილობებში გაუმჯობესდა ღამის ხედვა და ეს მახასიათებელი დაემატა წინა კამერასაც.

ახალ აიფონებში ბრუნდება სისტემა MagSafe-ი, რომელიც წარსულში MacBook-ებში გამოიყენებოდა. ამ შემთხვევაში, ის წარმოადგენს მოწყობილობის უკანა ნაწილში ჩამონტაჟებულ მაგნიტურ სისტემას, რომელიც თავსებად აქსესუარებს პირდაპირ მოწყობილობაზე მიკვრის საშუალებას აძლევს. მათ შორის არის „ეფლისა“ და მესამე მხარის მიერ წარმოებული სხვადასხვა პროდუქტი — უსადენო დამუხტვის პადები და ჩასადები კორპუსები.

აიფონ 12-ის ხაზს იწყებს აიფონ 12 მინი, რომელსაც მოჰყვება საბაზისო აიფონ 12, Pro და Pro Max ვერსიები.

და ბოლოს, „ეფლმა“ გადაწყვიტა, რომ ახალ აიფონებს ყუთში არ გააყოლოს ჩვეულებრივი კედლის დამტენი ადაპტერი და EarPods-ები. კომპლექტში შევა USB-C Lightning კაბელი.