ყვარელში ცხრაკარას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყვარელში ცხრაკარას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ყვარელში VIII-IX სს-ის ცხრაკარას ეკლესიას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტაძარი დარბაზული ნაგებობაა თანადროული სამმხრივი მინაშენითმიეკუთნება ე.წ. სამეკლესიან ბაზილიკათა რიგს და ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნატეხი ქვიშაქვით.

გასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. დახურულია კრამიტით.
ტაძარი მინაშენებთან შედარებით ფართო და მაღალია. მას შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. ეკლესია განათებულია აღმოსავლეთის მაღალი და ფართო თაღოვანი და სამხრეთის ორი თაღოვანი სარკმლით.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც დარბაზისგან მხრითაა გამოყოფილი და ერთი საფეხურით ამაღლებული. კონქი მხრის მაგვირგვინებელ იმპოსტზეა დაყრდნობილი. კამარასა და აბსიდის თაღს შორის შუბლია გამოყვანილი. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ კედელთან აგურით ნაგები გვიანი პერიოდის ტრაპეზია. ასევე გვიანია აგურისავე კანკელი, რომლის მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. დარბაზის კამარა პირდაპირ კედლებზე გადასული. აბსიდის ჩრდილოეთ მხართან ჩრდილოეთ მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილში – პასტოფორიუმში გასასვლელი ნალისებურთაღოვანი კარია.

ჩრდილოეთი მინაშენი ორადაა გაყოფილი. აღმოსავლეთ ნაწილში მოხვედრა მხოლოდ ტაძრიდანაა შესაძლებელი. პასტოფორიუმი უაბსიდოა. აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთ და სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში თითო ნიშია. პასტოფორიუმი კამარითაა დასრულებული. ჩრდილოეთი მინაშენის დასავლეთი ნაწილი დასავლეთის გარშემოსავლელთანაა დაკავშირებული. ჩრდილოეთით თაღოვანი შესასვლელი აქვს. კამარა ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე მიშენებულ ორ პილასტრზე გადასულ თაღნარს ეყრდნობა.

სამხრეთის მინაშენი ღია გალერეაა. ის კარით უკავშირდება ტაძარს და მთლიანად გახსნილია დასავლეთის გარშემოსავლელთან. სამხრეთ მხარეს ორ მრგვალ ბოძზე გადასული თაღებითაა გახსნილი. აღმოსავლეთით ნალისებური აბსიდია, მხრებით გამოყოფილი და კონქით დასრულებული, რომელიც ასევე ნალისებურ თაღს ეყრდნობა. მინაშენის კამარა ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ ოთხ პილასტზე გადასულ თაღნარს ეყრდნობა.

დასავლეთის გარშემოსავლელი ჩრდილოეთ და სამხრეთ მინაშენებს აკავშირებს ერთმანეთთან. მას დასავლეთიდან, ტაძრის დასავლეთის კარის პირდაპირ აქვს თაღოვანი შესასვლელი. დასრულებულია კამარით, რომელიც ტაძრის დასავლეთ კედელზე, კარის აქეთ-იქით მიშენებულ პილასტრებზე გადასულ თაღებს ეყრდნობა.

ჩრდილოეთ ნაწილში შეკიდული საბჯენი თაღებით გამოყოფილია გეგმით კვადრატული სივრცე, რომელსაც კამარა ხურავს“, – წერია ძეგლის მახასიათებლების აღწერაში.