ყვარელში ავარიისას შუახნის ქალი დაიღუპა
ყვარელში ავარიისას შუახნის ქალი დაიღუპა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა. პირველადი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ავტომანქანაში ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა. მანქანაში მყოფი შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მისმა შვილმა, რძალმა და შვილიშვილმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავდმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. ექიმის თქმით, ასევე მძიმეა 30 წლამდე ქალის მდგომარეობაც.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.