ყურში ჩასული წყლის გამოსადევნად თავის ძლიერად რხევამ შეიძლება, ტვინის დაზიანება გამოიწვიოს — ახალი კვლევა
როდესაც ცურვის ან შხაპის დროს ყურში წყალი ჩაგდით, პირველი, რასაც მისი გამოდევნისათვის აკეთებთ, ალბათ თავის რხევაა.
თუმცა, როგორც ახალი კვლევა გვეუბნება, ასე აღარასდროს უნდა მოიქცეთ, რადგან თავის ძლიერად რყევამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას, განსაკუთრებით კი პატარა ბავშვებს.
კორნელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ ადამიანის ყურის არხიდან წყლის გამოდევნისთვის გამოყენებულმა აჩქარების ძალებმა ჰიპოთეტურად შეიძლება, პატარა ბავშვის თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს.
კვლევის ავტორის, ანუჯ ბასკოტას განცხადებით, მათი კვლევა ფოკუსირებული იყო ყურის არხიდან წყლის გამოდევნისათვის საჭირო აჩქარებაზე. მისი თქმით, ექსპერიმენტისას მინის მილებსა და 3D პრინტერით დაბეჭდილ ყურის არხში გამოიყენეს კრიტიკული აჩქარება, რომელიც 10-ჯერ აჭარბებდა ბავშვის ყურის ზომისათვის საჭირო გრავიტაციის ძალას, რასაც ტვინის დაზიანება შეუძლია.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები პირველადია და ეფუძნება ძალის ოდენობის სიმულირების ექსპერიმენტებს და არა რეალურ ადამიანებს. შესაბამისად, კლინიკურად ჯერ დამტკიცებული არ არის, რომ ასეთი ქმედება მართლაც იწვევს თავის ტვინის დაზიანებას.
თუმცა, ეს კვლევა გაძლევთ გარკვეულ გაფრთხილებას, თუ როგორ არ უნდა მოიქცეთ შემდეგში, როცა ყურში წყალი ჩაგივათ. ამ ზოგადი პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმართული მყისიერი, ინსტინქტური რეაქცია შეიძლება, სულაც არ იყოს უსაფრთხო გამოსავალი.
ყურიდან წყლის გამოდევნისთვის საჭირო ძალის გასაზომად, ჯგუფმა შექმნა სხვადასხვა დიამეტრის მინის მილები, რომლებიც ადამიანის ყურის არხის ერთგვარ გამარტივებულ ასლებს წარმოადგენდა.
იმისათვის, რათა ხელოვნური ყური რაც შეიძლება მიმსგავსებული ყოფილიყო რეალურთან, მკვლევრებმა მოდელი 3D პრინტერით დაბეჭდეს, შემდეგ კი მინის მილი ქიმიურ ნივთიერება მონოსილანში მოათავსეს, რათა მიახლოებით დამთხვეოდა ადამიანის ნამდვილი ყურის არხის ჰიდროფობიურობის დონეს.
ამის შემდეგ, მკვლევრებმა მინის მილებში წყალი შეუშვეს, რათა დაედგინათ, რა ოდენობის გრავიტაციული ძალა იქნებოდა საჭირო მის გამოსადევნად.
როგორც ჯგუფი იუწყება, შედეგებმა აჩვენა, რომ ყურის არხიდან წყლის გამოდევნისთვის საჭირო კრიტიკული აჩქარება ძლიერ არის დამოკიდებული მილში ჩაჭედილი სითხის მოცულობასა და პოზიციაზე.
აღმოჩნდა, რომ კრიტიკული აჩქარება დაახლოებით 10 G-ია, რამაც შეიძლება, ადამიანის თავის ტვინის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.
მკვლევართა თქმით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ შეიძლება იყვნენ ბავშვები, რადგან პატარა ზომის არხებში ჩაჭედილი წყლის გამოსადევნად, უფრო დიდი ოდენობის აჩქარებაა საჭირო.
ალბათ გარისკვად ნამდვილად არ ღირს, რადგან ყურის არხში ჩასული წყლის გამოსადევნად სხვა მრავალი უსაფრთხო გზა არსებობს. მათ შორის ერთ-ერთია უბრალოდ დაწვეთ გვერდულად, ანდაც არხიოთ ყურის ბიბილო.
მკვლევართა განცხადებით, მათი ექსპერიმენტები და თეორიული მოდელები მიუთითებს, რომ ყურის არხებში წყლის შესვლის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ზედაპირის დაძაბულობა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.