კისრის ტკივილის სამი რეალური მიზეზი — აღმოჩნდა, რომ ჯდომის მანერა არაფერ შუაშია
კისრის ტკივილის სამი რეალური მიზეზი — აღმოჩნდა, რომ ჯდომის მანერა არაფერ შუაშია

თუ კისრის ტკივილი გტანჯავთ, მარტო არ ხართ. სპინალური (ხერხემლის) ტკივილი ქმედუუნარობის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია მთელ მსოფლიოში. ამ ტკივილის შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 25 წლის განმავლობაში დრამატულად გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ კისრის ტკივილის პერიოდი რამდენიმე თვეში ქრება, ასეთი ტკივილის მქონე ადამიანთა ნახევარს ან სამ-მეოთხედს განმეორებითი ტკივილები ეწყებათ.

ხშირად გაიგონებთ, რომ არსებობს სხეულის „კარგი და ცუდი პოზები“, ზოგიერთ პოზას კი ხერხემლის ტკივილის გამოწვევა შეუძლია. თუმცა, ამ მოსაზრებას სამეცნიერო მტკიცებულებები არ ადასტურებს. როგორც კვლევები აჩვენებს, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორებია ცუდი ძილი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და სტრესი.

შესაბამისად, მიუხედავად ექიმების მცდელობისა, შეგასწორებინონ ჯდომის სტილი და გირჩიონ სპეციალური სკამების, დაფების, კლავიატურებისა თუ სხვა მოწყობილობების გამოყენება, როგორც ჩანს, კისრის ტკივილზე რეალური ეფექტი მაინც ე. წ. „ცხოვრების წესის ფაქტორებს“ აქვს — იძინეთ საკმარისად, ივარჯიშეთ ფიზიკურად და ეცადეთ, ნაკლები სტრესი მიიღოთ.

პოზის მითი

მიუხედავად იმისა, რომ მითს სხეულის პოზის შესახებ დიდი ისტორია აქვს, მეცნიერება სრულიად განსხვავებულს გვიამბობს და მართლაც უდიდესი გამოწვევაა ადამიანები გადაარწმუნოს, რომ ამ საქმეში მანერის როლი მხოლოდ მითია.

მაგალითად, ახლახან ჩატარებულმა მაღალი ხარისხის კვლევამ, რომელშიც 1000-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა, ვერ დაადგინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი ხერხემლის პოზასა და კისრის ტკივილს შორის. თანაც, კვლევაში მონაწილეობდნენ ადვილად იდენტიფიცირებადი პოსტურალური ქვეჯგუფები, მაგალითად, ვინც მოხრილნი ან წელში გამართულნი სხედან.

დიახ, ადამიანების ჯდომის მანერა ძლიერ სხვადასხვაგვარია, მაგრამ როგორც ჩანს, მას ტკივილთან საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში, როგორც ეს კონკრეტული კვლევა მეტყველებს, მოზარდებში ჯდომის პოზა უფრო მათ განწყობაზე მოქმედებს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მუშაობის დროს ჯდომის მანერის ცვლილებას, მაგალითად, სამუშაო სივრცის სხვაგვარად მოწყობას, სპეციალური სკამისა თუ სხვა მოწობილობების გამოყენებას (ერგონომიული ინტერვენცია), კისრის ტკივილზე გავლენა ან საერთოდ არ აქვს, ან ძალიან მცირედით მოქმედებს.

არსებობს მხოლოდ პატარა მტკიცებულება, რომ ერგონომიულ ინტერვენციას კისრის ტკივილისგან გათავისუფლების დაჩქარება შეუძლია.

სხვადასხვა კვლევებში მეცნიერები სწავლობდნენ ადამიანთა ჯგუფებს, რომლებსაც კისრის ტკივილი არ აწუხებდათ ან შეენიშნებოდათ იშვიათად, პერიოდულად. ამ ჯგუფებში ზოგიერთ ადამიანს კისრის საკმაოდ პრობლემური ტკივილი განუვითარდათ და მკვლევრებმაც მათი დეტალურად შესწავლა გადაწყვიტეს.

აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც კისრის ტკივილი აწუხებდათ, ცოტა და ცუდად ეძინათ და მუშაობდნენ ძლიერ სტრესულ სამსახურებში. გარდა ამისა, ისინი ფიზიკურად ნაკლებად აქტიურნი იყვნენ და ჰქონდათ დეპრესიული განწყობა.

მათი სხეული ძირითადად იღებს უფრო მეტ სტრესს და კისერშიც უფრო მეტად გრძნობენ „კუნთების დაჭიმვას“. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ტკივილების განვითარებამდე ხდება.

ოთხი წლის განმავლობაში დაკვირვებებისას, მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ დაღლილობა, ძილის აშლილობები, თავისა და მუცლის ტკივილები, ცუდი განწყობა — კვირობით მიმდინარე კისრის ტკივილს ცხრა წლამდე ბავშვებშიც კი იწვევს.

ძილი, ვარჯიში და რელაქსაცია

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კისრის ტკივილისგან დაგიცავთ მხოლოდ ძლიერი კისრის ქონა, რისთვისაც აუცილებელია ფიზიკური ვარჯიში — ყოველდღიურად დიდ კიბეებზე უბრალოდ სიარულიც კი.

ამ ყველაფერთან ერთად, კისრის ტკივილისგან გათავისუფლებასა და პრევენციას უფრო წარმატებულს ხდის კარგი ძილი და ნაკლები სტრესი.

შესაბამისად, დაჯექით მაგიდასთან ისე, როგორც გენებოთ. მაგრამ თუ იგრძნობთ, რომ ერთ პოზაში უკვე დიდი ხანია ზიხართ, შეიცვალეთ, რადგან კისრის ტკივილის თავიდან აცილების ერთ-ერთ უმთავრესი ფაქტორია ჯდომის პოზის ხშირი ცვლილება დღის განმავლობაში.

და თუ კისრის ტკივილი ახლა გაწუხებთ, სცადეთ, რამდენიმე დღის განმავლობაში ადრე დაიძინოთ, აკეთეთ რაღაც სარელაქსაციო — თუნდაც ლანჩის დროს გაისეირნეთ. ჯდომის პოზაზე დარდი კი სასწრაფოდ შეწყვიტეთ, რადგან მეცნიერებამ კისრის ტკივილთან მისი კავშირი ვერ დაადგინა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი