რატომ არ უნდა გამოიყენოთ ყურის გასაწმენდად ბამბის ჩხირები არასოდეს
რატომ არ უნდა გამოიყენოთ ყურის გასაწმენდად ბამბის ჩხირები არასოდეს

თუ კიდევ ერთი მიზეზი გჭირდებათ იმისათვის, რათა სასწრაფოდ შეწყვიტოთ ყურების გამოწმენდა ბამბის ჩხირებით, გეტყვით, რომ ახლახან დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ერთი მამაკაცის თავის ქალაში ამ გზით შეაღწია სასტიკმა, სიცოცხლისთვის სახიფათო ინფექციამ.

ამ შემთხვევის შესახებ ახლახან გამოქვეყნებულ მოხსენებაში ექიმები აღწერენ, როგორ შეიყვანეს მათი საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებაში 31 წლის სხვა მხრივ ჯანმრთელი ადამიანი, რომელმაც უეცრად გონება დაკარგა.

საავადმყოფოში გადაყვანამდე მას აღენიშნებოდა შეტევები. ფიზიკურ ჩივილებს შორის, მას აღენიშნებოდა გონების არევა, იყო მოთენთილი, შეცვლილი იყო ცნობიერების მდგომარეობა.

ამის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა თავის ტკივილი და ღებინება, ავიწყდებოდა სახელები. რაც უფრო ავისმომასწავებლად ჩანდა, იყო პერიოდული ტკივილი მარცხენა ყურში და სმენის დაკარგვა მთელი ხუთი წლის განმავლობაში.

როცა ექიმებმა მამაკაცს თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს, გაირკვა, რომ ტვინის ქსოვილები დაფარული იყო ჩირქით სავსე მუწუკებით. მისი ერთ-ერთი ყურიდან წამოსულმა გამონადენმა კი ადვილად გამოამჟღავნა დამნაშავე ინფექცია — Pseudomonas aeruginosa, რომელიც სახიფათო დაავადებათა გამომწვევი პათოგენია.

მედიკოსთა ჯგუფის აზრით, ამ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობაზე პასუსიხმგებელი სწორედ Pseudomonas aeruginosa იყო. დიაგნოზი გახლდათ ყურის ნეკროზული ოტიტი, რომელიც აზიანებს გარე ყურის არხს.

თუმცა საინტერესოა, როგორ მოხვდა მამაკაცის თავის ქალაში ეს საშინელი ბაქტერია?

ყურის არხის ფიზიკური ექსპერტიზა ყველაზე სავარაუდო პასუხზე ადვილად მიუთითებს — ბამბის ჩხირის ფრაგმენტი, რომელიც კაცის თავში სავარაუდოდ წლების განმავლობაში იყო ჩაჭედილი.

მკვლევართა განცხადებით, გარე ყურის არხში ჩაჭედილი უცხო სხეულებისგან ინფექციების განვითარების რისკი წარმოადგენს ყურის ოტიტის რისკფაქტორს, მაგრამ აქამდე არ მიიჩნეოდა ნეკროზული ოტიტის გამომწვევად.

პაციენტს ნამდვილად გაუმართლა. ბამბის ჩხირის ფრაგმენტების ამოღებისა და რვა კვირის განმავლობაში დიდი ოდენობით ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ, ინფექცია შეჩერდა, გაქრა ის სერიოზული ნევროლოგიური პრობლემებიც, რომლებიც მას აღენიშნებოდა.

„ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, არ აღინიშნება ნევროლოგიური დეფიციტი და ნარჩენი ინფექცია“, — წერენ კვლევის ავტორები.

„რაც ყველაზე მთავარია, ის აღარასოდეს გამოიყენებს ყურის გამოსასუფთავებლად ბამბის ჩხირებს“.

მკვლევართა თქმით, ეს კონკრეტული შემთხვევა უბრალოდ კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ადამიანებმა ყურებში არაფერი შეიყონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი მიზანი ყურის გამოსუფთავებაა.

როგორც მოხსენებაში წერია, ბამბის ჩხირებით ყურების გამოსუფთავება საკმაოდ გავრცელებულია და მიიჩნევა მრავალი სერიოზული გართულების მიზეზად, მათ შორის არის ტრავმები, ყურის დაფის მემბრანის გახევა, გოგირდის ჩაჭედვა, ინფექციები და ბამბის ფრაგმენტების ჩარჩენა.

კვლევა ჟურნალ BMJ Case Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.