ყულევში ხანძარი ლიკვიდირებულია
ყულევში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, ნავთობ ტერმინალის და სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარედ ხანძარი იყო. ცეცხლი ეკალ-ბარდს და შერეული ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა – 60 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პროცესში, ასევე, ჩაერთო რკინიგზის სახანძრო-სარკინიგზო შემადგენლობა. ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ყულევში იმყოფებოდნენ და სამუშაოებს ადგილზე ხელმძღვანელობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.