ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ დირექტორი აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ გენერალური დირექტორი ალპერ პინარი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სასტუმრო მზად არის, დარჩენილი ხარვეზები უახლოეს დროში გამოასწოროს.
„საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა ძალიან კარგად, იცის რომ 43-დან 30 რეკომენდაცია შევასრულეთ და მზად ვართ, დანარჩენი ხარვეზებიც გამოვასწოროთ. იმედი მაქვს, მოლაპარაკება შედეგიანი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონის პიკზე ამგვარი გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება არა მარგო სასტუმროს, არამედ მთელი საქართველოს იმიჯზეც. მოლაპარაკების შედეგებს აუცილებლად გაცნობებთ. თუ სასტუმროს გაჩერება მოგვიწევს, არ ვიცით სად განვათავსებთ სტუმრებს. მოგეხსენებათ, ძალიან დატვირთულები ვართ. მინდა მივმართო საგანგებო სიტუაციათა სამსახურს, რომ გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება
უსაფრთხოების წესებს რომ ვიცავთ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ყველა ტურისყული სააგენტო, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, დეტალურად გაეცნო აქ არსებულ სიტუაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტებს არ გამოგზავნიან. მზად ვართ ყველას ვაჩვენოთ, სად რა გავაკეთეთ და ვაცხადებ, რომ დარჩენილ ხარვეზებსაც გამოვასწორებთ”,-ნათქვამია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს.
როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.